Starlink-ის გლობალური სატელიტური ინტერნეტ სისტემა სერიოზულად დაზიანდა

ილონ მასკის Starlink-ის გლობალური სატელიტური ინტერნეტ სისტემა სერიოზულად დაზიანდა. დაზარალდა ათეულობით თანამგზავრი, რომლებიც რამდენიმე დღის წინ ორბიტაზე გაუშვეს. ამის შესახებ ინფორმაციას The Verge ავრცელებს.

წყაროს ცნობით, ილონ მასკმა კოსმოსური ხომალდი Falcon 9 ხუთშაბათს, 3 თებერვალს ფლორიდადან გაუშვა. კოსმოსურ ხომალდზე Starlink-ის 49 თანამგზავრი იყო. მათი გაშვება, დედამიწის დაბალ ორბიტაზე, დედამიწიდან დაახლოებით 200 კმ მანძილზე უნდა მომხდარიყო. ხომალდმა დავალების პირველ საფეხურს თავი წარმატებით გაართვა და ყველა თანამგზავრი ხომალდის მეორე საფეხურზე გადავიდა.

თუმცა, ამჯერად Starlink-ის გუნდს პრობლემა შეექმნა. ახალი თანამგზავრები ხუთშაბათს გაუშვეს, პარასკევს კი ფართომასშტაბიანი გეომაგნიტური ქარიშხალი ატყდა. ასეთი შტორმები, დაბალ სიმაღლეებზე ატმოსფეროს ტემპერატურასა და სიმკვრივეზე ახდენს გავლენას. შედეგად, ატმოსფერული წევა ჩვეულებრივზე 50%-ით მეტი იყო. SpaceX-ის გუნდს მის შესამცირებლად თანამგზავრების გვერდულად მოტრიალებაც კი მოუხდათ, თუმცა ამან სიტუაცია ვერ გამოასწორა და 49 ახალი თანამგზავრიდან 40 დაზიანდა.

ამ დროისათვის, ისინი დეორბიტაციას განიცდიან და გარკვეული პერიოდის განმავლობაში ატმოსფეროში დაიწვებიან. როგორც ილონ მასკი ირწმუნება, აღნიშნული ინციდენტი კოსმოსური ნამსხვრევების რაოდენობას არ გაზრდის. მისი თქმით, Starlink-ის თანამგზავრები სტრუქტურულად ისეა შექმნილი, რომ საგანგებო სიტუაციის დროს, მთლიანად იშლება და იწვება. გარდა ამისა, SpaceX გარანტიას იძლევა, რომ დაზიანებული თანამგზავრების ვერც ერთი ნამსხვრევი დედამიწამდე ვერ მოაღწევს.