ამერიკულმა ტელეკომპანია ABC-მ განუსაზღვრელი ვადით შეაჩერა გადაცემა Jimmy Kimmel Live! მას შემდეგ, რაც მას რაც გადაცემის ცნობილმა წამყვანმა, ჯიმი კიმელმა, გააკეთა კრიტიკული კომენტარები კონსერვატორი აქტივისტის, ჩარლი კირკის მკვლელობასთან დაკავშირებით. კიმელის მონოლოგში გაჟღერდა აზრი, რომ მოძრაობა „MAGA“ (აშშ-ში ცნობილი, როგორც კონსერვატორების მოძრაობა) ცდილობს პოლიტიკური სარგებელი მიიღოს ჩარლი კირკის მკვლელობით გამოწვეული რეაქციებისგან.
მარეგულირებელმა და სადისტრიბუციო კომპანიებმა არხს მოუწოდეს ზომები მიეღო, ტელეკომპანია ABC-მ განაცხადა, რომ ჯიმი კიმელის ცნობილი და პოპულარული გადაცემა შეჩერებულია და მის ნაცვლად ეთერში სხვა შოუ გავა, ხოლო მომავალ გეგმებსა და კიმელის სატელევიზიო კარიერაზე გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.
კიმელის გადაცემის შეჩერებას აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და ტელეკომპანიის გადაწყვეტილება შეაქო.
ცნობისთვის, 10 სექტემბერს, ამერიკელი კონსერვატორი აქტივისტი ჩარლი კირკი Utah Valley-ს უნივერსიტეტის კამპუსში სტუდენტებთან შეხვედრისას ცეცხლსასროლი იარაღით ყელის არეში დაჭრეს. რამდენიმე საათში ის საავადმყოფოში გარდაიცვალა. კირკის მკვლელობაში ბრალდებული პირი, 22 წლის ტაილერ რობინსონი დაკავებულია.
CNN-ის ცნობით, რობინსონი პარტიული კუთვნილების გარეშეა რეგისტრირებული და ბოლო ორ არჩევნებში მონაწილეობაც არ მიუღია, თუმცა, იუტას გუბერნატორმა, სპენსერ კოქსმა პრესკონფერენციის დროს აღნიშნა, ბრალდებულის ოჯახის წევრის თქმით, ტაილერი “ბოლო დროს, პოლიტიკით უფრო მეტად დაინტერესდა და ჩარლი კირკს ხშირად აკრიტიკებდა და მას სიძულვილის გამავრცელებლად მიიჩნევდა”. მისივე თქმით, ვაზნებზე აღმოჩენილი ანტი-ფაშისტური წარწერები მიანიშნებს, რომ ადგილი ჰქონდა “პოლიტიკურ მკვლელობას”. კონსერვატიული მოძრაობის მომხრეთა უმრავლესობის შეფასებით, ჩარლი კირკის მოკლულია განსხვავებული აზრის გამო, რაც ლიბერალური მემარცხენე ფრთის პასუხისმგებლობაა.