ადამიანისთვის ღორის გულის გადანერგვის მეორე ოპერაცია წარმატებით დასრულდა

მერილენდის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის ექსპერტებმა, ადამიანისთვის ღორის ორგანოს გადანერგვის მეორე ოპერაცია ჩაატარეს. 58 წლის კაცი მეორე პაციენტია, რომელსაც გენმოდიფიცირებული ღორის გული გადაუნერგეს.

როგორც უნივერსიტეტში აცხადებენ, ექსპერიმენტული ტრანსპლანტაციის გარეშე, ორი შვილის მამა და საზღვაო ძალების ვეტერანი მალე დაიღუპებოდა.

ცხოველის ორგანოების ადამიანზე გადანერგვას ქსენოტრანსპლანტაცია ეწოდება და მას ორგანოების დეფიციტის აღმოფხვრა შეუძლია. მხოლოდ აშშ-ში 100 000-ზე მეტი ადამიანი ორგანოების გადანერგვის მოლოდინშია.

გადანერგვის პირველი ოპერაცია 2022 წლის იანვარში შესრულდა, თუმცა პაციენტი მარტში გარდაიცვალა.

გენმოდიფიცირებული ღორის გული ერთადერთი ორგანო არ არის, რომელიც ადამიანს გადაუნერგეს. 2023 წლის დასაწყისში, ადამიანს, ღორის 2 თირკმელი ერთდროულად გადაუნერგეს. ოპერაცია წარმატებით დასრულდა. მსგავსი ტიპის პირველი ოპერაცია, მსოფლიოში 2021 წლის შემოდგომას აშშ-ში ჩატარდა. პაციენტი ქალი გახლდათ, რომლის ტვინი უკვე მკვდარი იყო.