MADONNA ახალი ალბომით ბრუნდება

მადონა “სახლში” ბრუნდება: Warner Records-თან შეთანხმება მზად არის და ახალი ალბომი 2026 წელს გამოვა.

პოპის დედოფალი, ოფიციალურად დაუბრუნდა ლეიბლს Warner Records, რომელიც მისი კარიერის ზენიტში მისი მუსიკალური სახლი იყო და რომელმაც ხელი შეუწყო მის თავბრუდამხვევ წარმატებას მსოფლიო პოპ სცენაზე.

მადონამ სოციალურ ქსელში ახალი ფოტოკოლაჟი გამოაქვეყნა და დაწერა: 2 დეკადის შემდეგ დავბრუნდი Warner-ის სტუდიაში და თავს ისე ვგრძნობ ისე, როგორც სახლში.

4 დეკადიანი კარიერის მქონე პოპვარსკვლავის ახალი ალბომი, საცეკვაო, რითმული ჟანრის ნამუშევარი იქნება და 2026 წელს გამოვა. ეს იქნება პირდაპირი გაგრძელება, მეორე ნაწილი, 2005 წლის კრიტიკულად და კომერციულად ძალიან წარმატებული თანამედროვე დისკო ალბომის Confessions on a Dance Floor , რომელსაც მის შთამბეჭდავ დისკოგრაფიაში, საპატიო ადგილი უჭირავს.

პოპის დაუღალავი დედოფლის თქმით, Confessions on a Dance Floor – part2-ში ის ანახლებს თანამშრომლობას ცნობილ დიჯეისა და პროდიუსერ Stuart Price-თან, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის Confessions on a Dance Floor-ის ალბომის უნიკალური ელექტრონული, დენს-პოპ ჟღერადობის შექმნაში.

Warner Records-ის ხელმძღვანელებმა, Aaron Bay-Schuck-მა და Tom Corson-მა განაცხადეს, რომ მადონას დაბრუნება მნიშვნელოვანი მოვლენაა, რადგან ის უდავოდ იყო და რჩება პოპმუსიკის მნიშვნელოვან ფიგურად, რომელმაც შეცვალა მუსიკალური ინდუსტრიის კულტურული პარამეტრები.

ცხადია, უკვე გამოჩნდენ კრიტიკოსები, რომლებიც ამბობენ, რომ საცეკვაო მუსიკა ეს ის არ არის, რასაც მსოფლიო 67 წლის ქალისგან ელოდება, თუმცა უნდა ვივარაუდოთ, წლების მანძილზე მიღებული გამოცდილება მუსიკალური პროდუქტის ხარსისხს მხოლოდ უკეთესს გახდის.

შეგახსენებთ, 2005 წელს ალბომის (Confessions on a Dance Floor) შექმნისას, მადონას პროდიუსერების ნაწილი აფრთხილებდა, რომ დისკოს დრო წარსულს ჩაბარდა და ახალ ალბომში ამ ჟანრის შეტანით, მას შეიძლება კომერციულად წაეგო. რისკიანი გადაწყვეტილებებით ცნობილმა ვარსკვლავმა, გაფრთხილებები არ გაითვალისწინა და საბოლოოდ დაიმსახურა როგორც კრიტიკოსთა დადებითი შეფასებები, ასევე №1 ადგილი 40-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის აშშ-ს Billboard 200-სა და ბრიტანულ მუსიკალურ ჩარტებში. სიმღერა Hung Up კი გახდა მადონას ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჰიტი რომელმაც მსოფლიოს 50-მდე ქვეყნის მუსიკალურ ჩარტებში პირველი ადგილი დაიკავა. დიდი წარმატება ხვდა წილად ამავე ალბომის სხვა ტრეკებს: Sorry, Jump, და Get Together. ამავე ალბომის საკონცერტო სერია Confessions Tour (2006) გახდა იმ დროისთვის ყველაზე შემოსავლიანი სოლო-ქალი არტისტის ტურნე, სრული ანშლაგები მსოფლიო არენებზე – მადონასთვის დამატებით 194 მილიონი დოლარის მომტანი აღმოჩნდა, რაც 20 წლიანი ინფლაციის გათვალისწინებით, დღევანდელი 311 მილიონი დოლარის ექვივალენტია.