რა ელის TikTok-ს – აშშ-ს და ჩინეთს შეთანხმების ჩარჩო აქვთ

ამერიკისა და ჩინეთის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მათ შორის მიღწეულია საწყისი შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, TikTok-ის ამერიკულ ოპერაციებზე კონტროლი ამერიკულ კომპანიას გადაეცემა.

როგორც აშშ-ის ხაზინის მდივანმა, სკოტ ბესენტმა აღნიშნა, ეს ნაბიჯი მიმართულია იმისკენ, რომ პოპულარული სოციალური ქსელის მონაცემები და ალგორითმები აღარ იყოს ჩინეთის გავლენის ქვეშ და მოხდეს მისი აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ნორმებთან შესაბამისობა.

შეთანხმების თანახმად, იგეგმება ახალი მართვის სტრუქტურის შექმნა, სადაც უმრავლესობას ამერიკელები წარმოადგენენ. ამით ვაშინგტონი ცდილობს გარანტიების მოპოვებას, რომ TikTok აღარ გახდება ჩინეთისთვის ამერიკული მომხმარებლის მონაცემებზე წვდომის წყარო.

თუმცა, მიუხედავად მოლაპარაკებების ოპტიმისტური ტონისა, დეტალები კვლავ ბუნდოვანია. ჯერ არ არის ცნობილი, კონკრეტულად რომელი ამერიკული კომპანია ჩაიბარებს კონტროლს, რა წილი დარჩება ByteDance-ს და როგორ მოხდება აპლიკაციის ალგორითმებისა და ტექნოლოგიური პროცესების გადანაწილება.

Reuters-ის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ჩინეთის ლიდერ სი ძინპინს შორის დაგეგმილია სატელეფონო საუბარი, სადაც საბოლოოდ უნდა განიხილონ TikTok-ის შეთანხმების პირობები.

როგორც ანალიტიკოსები აღნიშნავენ, თუ გარიგება წარმატებით დასრულდება, ეს გახდება იშვიათი მაგალითი, როდესაც აშშ-სა და ჩინეთს შორის დაძაბული ურთიერთობის ფონზე შესაძლებელი გახდა კომპრომისის მიღწევა. თუმცა, სანამ საბოლოო გადაწყვეტილება არ გამოცხადდება, TikTok-ის მომავალი კვლავ გაურკვეველია.