კატები პატრონის ხმას ცნობენ, თუმცა თათებზე ჰკიდიათ

იაპონიაში, ტოკიოს უნივერსიტეტსა და აშშ-ის სამხრეთ ფლორიდის უნივერსიტეტის მორსანის სახელობის სამედიცინო კოლეჯში მომუშავე მეცნიერთა დასკვნით, კატები საკუთარი პატრონის ხმას ცნობენ, თუმცა მას ყურადღებას არ აქცევენ. ნაშრომი, რომელშიც მათ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები დეტალურადაა აღწერილი, გამოცემაში Animal Cognition გამოქვეყნდა.

სახლის პირობებში ჯამში 20 კატის ქცევა შეისწავლეს. მათ რიგრიგობით მოასმენინეს სამი უცხო ადამიანისა და პატრონის ხმის ჩანაწერები, რომლებშიც შინაური ცხოველის სახელი ჟღერდა. პარალელურად სპეციალისტები თითოეული ცდისპირის რეაქციას აკვირდებოდნენ – ყურების, კუდის, თავისა და თათების მოძრაობას, ასევე, მათ კნავილსა და თვალის გუგებს. აღმოჩნდა, რომ კატებმა პატრონის ხმა იცნეს, მაგრამ არ გამოეხმაურნენ ისევე, როგორც უცხო ადამიანებს. 

ავტორთა აზრით, კატების ასეთი ქცევა მათი წინაპრის მოშინაურების ისტორიას უკავშირდება. გენეტიკური ანალიზის მიხედვით, პირველად ადამიანებთან კონტაქტი Felis silvestris-ის სახელით ცნობილი სახეობის წარმომადგენლებმა დაამყარეს. ეს დაახლოებით 9 ათასი წლის წინ მოხდა, როცა სოფლის მეურნეობის განვითარების შედეგად მარცვლეულის დიდი მარაგი გაჩნდა, რომლის მახლობლადაც მათ მღრღნელებზე ნადირობა დაიწყეს. ეს იმას ნიშნავს, რომ კატები ჩვენთან საკვების ძიებისას მოვიდნენ და ძაღლებისგან განსხვავებით, ბრძანებებს არც არასდროს ემორჩილებოდნენ.

მეცნიერები აღნიშნავენ, რომ მსგავსი სხვაობის მიუხედავად, კატებისა და ძაღლების პატრონები თავიანთ შინაურ ცხოველებზე ერთნაირად არიან მიჯაჭვულები. თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, მათი ქცევის კონკრეტულად რა ასპექტი იწვევს ჩვენ ამგვარ დამოკიდებულებას.