რა შეძლო და რას შეძლებს ჯეიმს ვების ტელესკოპი

ხანგრძლივი და ძვირადღირებული მოლოდინის შემდეგ, 2022 წლის  12 ივლისს, დედამიწის მოსახლეობამ ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის  (JWST) მიერ გადაღებული პირველი სურათები იხილა. კოსმოსითა და მეცნიერებით დაინტერესებული ადამიანები, ჯერ სუნთქვაშეკრული ელოდნენ მის შექმნასა და გაშვებას დედამიწიდან ძალიან შორს. რის შემდეგაც, განუზომლად დიდი იყო ინტერესი, თუ რის დანახვას შეძლებდა NASA-ს უკვე სარკეებგაშლილი კოსმოსური პირმშო და შესაბამისად ჩვენ.

“ეს არის ჩვენი სამყაროს ყველაზე ღრმა ხედი, რაც კი ოდესმე დაუფიქსირებია კაცობრიობას” – ასეთი აღწერა დაურთო NASA-მ, ისტორიაში ყველაზე მძლავრი კოსმოსური ტელესკოპის მიერ გადაღებულ პირველ სრულყოფილ, სამეცნიერო მნიშვნელობის მქონე სულისშემკვრელ ფოტოს.

თუმცა, ეს არ არის ჯეიმს ვების ბოლო მიღწევა, მას კიდევ ბევრი რამ შეუძლია მაგალითად:

  1. მას შეუძლია დააკვირდეს ეგზოპლანეტებზე სიცოცხლის კვალს – ვების ტელესკოპი ინფრაწითელ სინათლეს არჩევს, მისი მეშვეობით კი ეგზოპლანეტების ატმოსფეროს შემადგენლობაში უფრო მეტი ელემენტის დაფიქსირების საშუალება გვაქვს, ეს კი სამიზნე ობიექტზე მნიშვნელოვან ინფორმაციას მოგვაწვდის. უმრო მარტივად რომ ვთქვათ, მეცნიერები ჯეიმს ვების ტელესკოპით სხვა, ჩვენს მსგავს პლანეტებზე სიცოცხლის ნიშნების მოძიებას სავარაუდოდ მეტი წარმატებით შეეცდებიან.
  2. ჯეიმს ვების ტელესკოპი მეცნიერებს შავი ხვრელების უკეთ შესწავლაში დაეხმარება – მისი დახმარებით, ნამდვილად უფრო მეტის გაგებას შევძლებთ ისეთ იდუმალებით მოცულ კოსმოსურ მოვლენაზე, როგორიც არის შავი ხვრელი. ვების ტელესკოპის აქამდე არნახულად შორ მანძილზე ხედვის უნარი, საშუალებას მოგვცემს შავი ხვრელები დავინახოთ მილიარდობით წლის წინ, რაც მათი ფორმირების, აუხსნელად დიდი მასისა და ზრდის ტემპის შესახებ, უფრო მეტ ცოდნას მოგვცემს, ვიდრე ახლა გვაქვს.
  3. ჯეიმს ვების ტელესკოპს შეუძლია დროში გვამოგზაუროს – ეს მართალია, თუმცა, მხოლოდ წარსულში. დედამიწიდან 1 500 000 კილომეტრის მანძილზე გაშვებული მძლავრი ტელესკოპი, ჩვენი პლანეტიდან იმდენად შორ გამოსახულებას აფიქსირებს, რომ მას შეუძლია გვაჩვენოს კოსმოსის ისეთი გამოსახულება, სადაც სამყარო დასაბამიდან (დიდი აფეთქებიდან) სულ რაღაც 100-250 მილიონი წლის გახლდათ. დედამიწიდან მზემდე მანძილის დასაფარად, მზიდან წამოსულ გამოსახულებას 8 წუთი სჭირდება, რაც ნიშნავს, რომ მზის ჩაქრობის შემთხვევაში, ჩვენთან მხოლოდ 8 წუთის შემდეგ დაბნელდება. ჯეიმს ვების ტელესკოპი მისი შორსმხედველი ფუნქციიდან გამომდინარე, ვარსკვლავებს და გალაქტიკებს დააკვირდება იმ შორეულ წერტილსა და შესაბამისად დროშიც, რაც ჩვენი სამყაროს წარმოქმნისა და ფორმირების შესახებ გაცილებით მეტ წარმოდგენას შეგვიქმნის.

შორეულ პლანეტაზე სიცოცხლის არსებობის დასადგენად, მეცნიერები სწავლობენ ვარსკვლავურ გამოსხივებას, რომელიც ურთიერთქმედებს კონკრეტული პლანეტის ზედაპირთან ან ატმოსფეროსთან. თუ ატმოსფერო, ან შესასწავლი პლანეტის ზედაპირი მოიცავს სიცოცხლეს, მაშინ მისგან გამოშვებულ სინათლეს შეიძლება ჰქონდეს გარკვეულად განსხვავებული მინიშნება, რომელსაც “ბიოხელწერას” უწოდებენ, რაც პლანეტაზე სიცოცხლის დამადასტურებელი ნიშანი შეიძლება აღმოჩნდეს.

ცხადია, ჯეიმს ვების ტელესკოპი არ არის კოსმოსის შესწავლაში საბოლოო სიტყვა და ის ვერ შეძლებს პასუხი გასცეს კაცობრიობის უამრავ შეკითხვას. ამისთვის აუცილებელი იქნება მომავალში ახალი, კიდევ უფრო მძლავრი ტელესკოპების გაშვება კოსმოსში, რაც შესაძლოა, არა მხოლოდ სამყაროს ფორმირების უკეთ შესწავლაში, არამედ არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენაშიც დაეხმაროს მომავლის ადამიანებს. წარმოუდგენლად მძლავრი ტელესკოპია საჭირო, დასახლებული ეგზოპლანეტადან მომდინარე შუქის მცირე ცვლილებების აღმოსაჩენადაც კი, რაც ეჭვს გააჩენდა, რომ დაკვირვების ქვეშ მყოფ პლანეტაზე სიცოცხლე არსებობს. დღეს, ერთადერთი ტელესკოპი, რომელსაც ეს შეუძლია, ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპია.

ჯეიმს ვების ტელესკოპის დამზადება და დედამიწიდან 1.5 მილიონი კილომეტრის დაშორებით გაშვება 10 მილიარდი აშშ დოლარი დაჯდა, რაც ერთი შეხედვით უზარმაზარი თანხაა, თუმცა NASA-ს მიერ მისი საშუალებით მიღებული და მისაღები ინფორმაცია, რთულია დედამიწაზე მოჭრილი ნებისმიერი ქაღალდის ოდენობით შეფასდეს, რასაც ფულს ვეძახით.

Webb’s First Deep Field – გალაქტიკათგროვა SMACS 0723 – მანძილი 4,6 მრდ სინათლის წელი
გემის ხერხემლის ნისლეული – მანძილი  7 600 სინათლის წელი
სამხრეთის ბეჭდის (რგოლის) ნისლეული (NGC 3132) – მანძილი 2 000 სინათლის წელი 
გალაქტიკათა ჯგუფი სტეფანის კვინტეტი –  მანძილი 290 მილიონი სინათლის წელი