შორეული ეგზოპლანეტიდან მომავალი რადიოსიგნალი დააფიქსირეს

საფრანგეთში, პარიზის ობსერვატორიასა და ორლეანის უნივერსიტეტში მომუშავე ასტრონომებმა ამერიკელ, ბრიტანელ და სამხრეთაფრიკელ კოლეგებთან ერთად ჩრდილოეთის ცაზე არსებული მენახირის თანავარსკვლავედიდან მომავალი რადიოსიგნალი დააფიქსირეს, რომლის წყაროც, შესაძლოა, ეგზოპლანეტა იყოს. აღნიშნულის დამტკიცების შემთხვევაში, ეს პირველი ასეთი პრეცედენტი იქნება.

Astronomy & Astrophysics-ში გამოქვეყნებული ნაშრომის ავტორებმა სიგნალი ჰოლანდიაში მდებარე რადიოტელესკოპთა ქსელის LOFAR მეშვეობით აღმოაჩინეს. მათი აზრით, ის ჩვენგან 51 სინათლის წლით დაშორებულ ბინარულ ვარსკვლავურ სისტემაში განლაგებული ეგზოპლანეტიდან Tau Boötes b-დან მოდის, რომელიც იუპიტერის მსგავსი აირის გიგანტია და მასზე მინიმუმ 4-ჯერ მასიურია. ციური სხეული F და M ტიპის მნათობების გარშემო მოძრაობს და ორბიტულ გადაადგილებას 3 დღესა და 7,5 საათს ანდომებს.

ასეთი რადიოსიგნალები მაშინ წარმოიქმნება, როცა ვარსკვლავიდან წამოსული დამუხტული ნაწილაკები პლანეტის მაგნიტურ ველთან ურთიერთქმედებენ, თუმცა მათი დაფიქსირება ჩვენსა და სხვა ციურ სხეულებს შორის არსებული დიდი მანძილის გამო არც ისე მარტივია. მეცნიერებმა ამ დაბრკოლების გადასალახად ახალი ტექნოლოგია შეიმუშავეს. მათ ჯერ იუპიტერიდან მომავალი სიგნალი შეისწავლეს, შემდეგ კი გამოთვალეს, რა სახით მოაღწევდა ის ჩვენამდე, თუ აღნიშნული ობიექტი დედამიწიდან ათობით სინათლის წლით იქნებოდა დაშორებული. შედეგად, გამოთვლილი პარამეტრები ტელესკოპებით გამოკვლეული სხვადასხვა სისტემიდან მხოლოდ Tau Boötes b-ის მონაცემებს დაემთხვა.

მკვლევრები თავიანთი მოსაზრების მართებულობაში დასარწმუნებლად უახლოეს მომავალში Tau Boötes b-ზე დაკვირვებას LOFAR-ის მსგავსი სხვა ხელსაწყოებითაც გეგმავენ. თუ რადიოსიგნალის წყაროს შესახებ მათი ვარაუდი დამტკიცდება, ეს ასტრონომებს ეგზოპლანეტების მაგნიტური ველის, ატმოსფეროსა და გარემო პირობების უკეთ შესწავლაში დაეხმარება.