ხელოვნური ინტელექტი თქვენს ფიქრებს სურათებად გარდაქმნის

ფინეთში მდებარე ჰელსინკის უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერებმა ტვინისა და კომპიუტერის დამაკავშირებელი ინტერფეისი შექმნეს, რომელიც ადამიანის ფიქრებში არსებულ სურათ-ხატებს რეალურ გამოსახულებებად აქცევს. გამოცემაში Scientific Reports გამოქვეყნებული ნაშრომის ავტორთა განცხადებით, მათ მიერ შემუშავებული ახალი ტექნოლოგია, შესაძლოა, ფსიქოლოგიასა და კოგნიტურ ნეირომეცნიერებაში დაინერგოს.

ნეიროადაპტაციურ-გენერატიული მოდელირების სახელით ცნობილი ინოვაციური მეთოდის ეფექტურობის გამოსაცდელად მეცნიერებმა ექსპერიმენტი ჩაატარეს, რომელშიც მონაწილეობა 31-მა მოხალისემ მიიღო. სპეციალისტებმა მათ ერთმანეთისგან განსხვავებული გარეგნობის მქონე ადამიანების ასობით ფოტო აჩვენეს და სთხოვეს, რომ ყურადღება რაიმე კონკრეტულ მახასიათებელზე, მაგალითად, მომღიმარ სახეზე გაემახვილებინათ.

დავალების შესრულებისას, ცდისპირთა ტვინის აქტივობას ელექტროენცეფალოგრაფი იწერდა. ის ექსპერიმენტის მონაწილეთა მიერ წარმოდგენილი და ეკრანზე ნაჩვენები სურათების დამთხვევისას წარმოქმნილ სიგნალებს აფიქსირებდა და ინფორმაციას ხელოვნურ ნეირონულ ქსელს გადასცემდა. ამ უკანასკნელმა, მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით, კვლევის მონაწილეთა ფიქრებში არსებული სახეების ამოცნობა და მათი მიხედვით გამოსახულებების შედგენა შეძლო, რომლებიც 83 პროცენტით ზუსტი აღმოჩნდა.

მსგავსი ინტერფეისები მეცნიერებს ადრეც შეუქმნიათ. ისინი კომპიუტერსა და ტვინს შორის მხოლოდ ცალმხრივი კომუნიკაციის საშუალებას იძლეოდნენ და სიგნალების შესაბამისად ეკრანზე ისრის გადაადგილებას ან ასოების დაწერას უზრუნველყოფდნენ. ეს პირველი შემთხვევაა, როცა ხელოვნურმა ინტელექტმა ფიქრებში არსებული სურათების ამოცნობასთან ერთად, მათ ინტერპრეტაციასა და ხორცშესხმასაც წარმატებით გაართვა თავი.