ბიჭუნა NIRVANA-ს ალბომიდან 30 წლის შემდეგ ჯგუფს უჩივის

30 წლის სპენსერ ელდენი, მილიარდობით ადამიანიდან ერთადერთია, რომელსაც გაუმართლა და მისი 4 თვის ასაკში გადაღებული ფოტო, ლეგენდარული ამერიკული ჯგუფის, Nirvana-ს საკულტო ალბომის Nevermind-ის გარეკანზეა გამოსახული. თუმცა ჩანაწერის გამოსვლიდან 30 წლის შემდეგ სპენსერი მივიდა დასკვნამდე, რომ მას ამით არა თუ გაუმართლა, “ბავშვთა პორნოგრაფიაში” აღმოჩნდა ჩართული, რის გამოც ბენდს სასამართლოში უჩივის.

ელდენმა საჩივარი მუსიკალური ჯგუფის ყოფილი წევრების: დეივ გროლის, კრის ნოვოსელიჩის, ასევე, კურტ კობეინის წარმომადგენლების, ხმის ჩამწერი სტუდიებისა და ფოტოგრაფ კირკ უედლის წინააღმდეგ შეიტანა. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სპენსერი მათ ბავშვთა პორნოგრაფიის შემცველი მასალის ფლობაში, გავრცელებასა და კომერციული მიზნით გამოყენებაში, ასევე, ბავშვის სექსუალურ ექსპლუატაციაში ადანაშაულებს. შეგახსენებთ, რომ ნამუშევრის ყდაზე ჯერ ციცქნა ელდენი შიშველია გამოსახული.

გავრცელებული ინფორმაციით, Nirvana-სთან შეთანხმების თანახმად, ალბომის გარეკანზე ბავშვის სასქესო ორგანო სტიკერით უნდა ყოფილიყო დაფარული, რაც ასე არ მოხდა.

30 წლის შემდეგ, სპენსერ ელდენი თვლის, რომ ბენდის წევრებმა არაფერი გააკეთეს მისი სექსუალური ექსპლუატაციისგან დასაცავად. ამასთანავე, სპენსერის მშობლებს არასდროს გაუციათ თავიანთი არასრულწლოვანი შვილის სურათის გამოყენების ნებართვა და არ მიუღიათ შემოსავალი ალბომის გაყიდვებიდან.

როგორც ჩანს, ელდენის შელახულ ღირსებას, მხოლოდ საჩივრის ადრესატი 17 ადამიანის მიერ გადახდილი 2,550,000 აშშ დოლარი თუ უშველის, სხვა ვეღარაფერი. ის თითოეულისგან 150,000 აშშ დოლარის ოდენობის კომპენსაციის გადახდას მოითხოვს.

ვიდრე გაიაზრებდა, რომ ფსიქოლოგიურად დაზარალებულია 2001, 2008 და 2016 წლებში, მოზარდობისას და ზრდასრულ ასაკშიც, სპენსერ ელდენმა მსგავსი ფოტო თავადვე გადაიღო და გაავრცელა, როგორც ჩანს, ამით ბევრი ვერაფერი იხეირა.