აშშ-ს არმიამ ლაზერული იარაღი საბრძოლო ვითარებაში გამოსცადა

მრავალი წელია ლაზერული იარაღი სამეცნიერო ფანტასტიკის განუყოფელი ნაწილია. კომერციული ან სათამაშო ლაზერები დიდი ხანია ადამიანების ხელშია, თუმცა ძლიერი, საბრძოლოდ ვარგისი ლაზერული იარაღის შექმნა საკმაოდ რთული საკითხია. 

საბრძოლო დრონების წინააღმდეგ ეფექტური იარაღის შექმნა დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც ომში დრონების ეფექტურობა პრაქტიკულმა გამოცდამ დაადასტურა (აზერბაიჯანი სომხეთის ომი).

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა პირველი ლაზერული იარაღი საბრძოლო სიტუაციაში გამოსცადა. გავრცელებული მოსაზრებით, ლაზერული იარაღი დრონების წინააღმდეგ ეფექტური იქნება.

აშშ-ს ლაზერულ იარაღს Directed Energy-Maneuver Short-Range Air Defense (DE M-SHORAD) ჰქვია და მისი შექმნა 24 თვეზე ნაკლებ დროში მოხერხდა.

ლაზერი ივლისში, რეალური სცენარების გათამაშებით გამოსცადეს. ასევე, ის დეტალურად გააცნეს სამხედროებს. მათ შეისწავლეს იარაღის 3D სქემები და დაეუფლნენ მისი მართვის მეთოდებს.

გავრცელებული ინფორმაციით, დრონების მოგერიების გარდა, ლაზერული იარაღის გამოყენება რაკეტების და უფრო დიდი საფრენი აპარატების, ან თვითმფრინავების ჩამოსაგდებადაც შეიძლება. ამერიკული არმია ლაზერების შეიარაღებაში მიღებას მომავალ წელს გეგმავს.