ეგვიპტეში სფინქსის მსგავსი ორი ქანდაკება აღმოაჩინეს

არქეოლოგიური სამუშაოების დროს, ეგვიპტეში ფარაონ ამენჰოტეპ III-ის ორი სკულპტურა აღმოაჩინეს, რომლებიც ვიზუალურად სფინქსის მსგავსად არის გამოქანდაკებული.

მეცნიერთა ჯგუფმა, სფინქსის მსგავს სკულპტურებს ეგვიპტის ძველ დედაქალაქ თებეში (ლუქსორი) მიაკვლია, უფრო კონკრეტულად კი, ფარაონ ამენჰოტეპ III-ის ტაძარ-სამარხში, რომელსაც ეგვიპტელები “მილიონობით წლის ტაძარს” უწოდებდნენ.

ეგვიპტურ-გერმანული არქეოლოგების მიერ აღმოჩენილი სფინქსის მსგავსი კირქვის ქანდაკებები მათი შექმნის პერიოდში 8 მეტრის სიგრძის უნდა ყოფილიყვნენ. როგორც ირკვევა, ისინი ფარაონ ამენჰოტეპ III-ისთვის შეუქმნიათ. მე-18 დინასტიის ეს ფარაონი ეგვიპტეს ძვ. წ. 1390-1353 წლებში მართავდა და მისი მმართველობის ხანა ეგვიპტის ისტორიაში ცნობილია მშვიდობიანობითა და კეთილდღეობით. მისი შვილიშვილი გახლდათ ფართო მასებისთვის უფრო მეტად ცნობილი ფარაონი ტუტანხამონი.