ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ლუის რუბიალესი, თანამდებობიდან გადადგა

მწვავე კრიტიკის და სასამართლო პროცესის საფრთხის ფონზე, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლუის რუბიალესი თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

გამოცემის ცნობით, მან გადაწყვეტილება 10 სექტემბერს მიიღო. რუბიალესმა დატოვა უეფას ვიცე-პრეზიდენტის პოსტიც.

2023 წლის აგვისტოში, ქალი ფეხბურთელების მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ინგლისის ნაკრებზე ესპანეთის ნაკრების გამარჯვების შემდეგ, ლუის რუბიალესმა ტუჩებზე აკოცა ნაკრების წევრს, ჯენი ერმოსოს. რუბიალესი აცხადებს, რომ ეს ურთიერთშეთანხმებით მოხდა, რასაც ერმოსო უარყოფს.

29 აგვისტოს, ესპანეთის პროკურატურამ წინასწარი გამოძიება დაიწყო იმის დასადგენად, არის თუ არა ინციდენტი სექსუალური ხასიათის დანაშაული. ცნობისთვის, 5 სექტემბერს ჯენი ერმოსომ ლუის რუბიალესს სასამართლოში უჩივლა.