მეცნიერები კბილის ხელახლა გაზრდის მეთოდზე მუშაობენ

იაპონიაში, კიოტოს, ოსაკისა და ფუკუის უნივერსიტეტების მეცნიერებმა აღმოაჩინეს ანტისხეული, რომელმაც, შესაძლოა, კონკრეტულ გენზე ზემოქმედების მეშვეობით ადამიანებში დაკარგული კბილების ხელახალ გაზრდას შეუწყოს ხელი.

Science Advances გამოქვეყნებული ნაშრომის თანახმად, კბილების გაზრდაში, ისევე, როგორც სხვადასხვა ორგანოსა და ქსოვილის განვითარებაში უდიდეს როლს ძვლის მორფოგენეტიკური ცილის (BMP) Wnt-ს სახელით ცნობილი სასიგნალო მოლეკულები ასრულებენ. მათზე პირდაპირმა ზემოქმედებამ, შესაძლოა, ორგანიზმში სერიოზული დარღვევები გამოიწვიოს. სწორედ ამიტომ, სპეციალისტებმა სამიზნედ ერთ-ერთი გენი, USAG-1 აარჩიეს, რომელიც ამ ნაერთებთან მჭიდრო კავშირშია, თანაც მისი გაუვნებელყოფა კბილების წარმოქმნას ასტიმულირებს.

იაპონელმა მეცნიერებმა კბილების თანდაყოლილი აგენეზისის მქონე ორსულ თაგვებზე ჩატარებული ექსპერიმენტის ფარგლებში USAG-1-ის დათრგუნვა მონოკლონალური ანტისხეულებით სცადეს, რომელთა უმრავლესობაც ახალშობილ მღრღნელებში ჯანმრთელობის მნიშვნელოვან პრობლემებს დაედო საფუძვლად. აღნიშნული ცილებიდან ერთმა კი ზემოხსენებულ გენსა და BMP-ს შორის კავშირი წარმატებით დაარღვია, რასაც შედეგად ცხოველებში კბილების სრულად გაზრდა მოჰყვა. იგივე ეფექტი დაფიქსირდა ქრცვინების შემთხვევაშიც, რომელთაც ადამიანთა მსგავსი დენტალური წარმონაქმნები აქვთ.

კვლევის ავტორები არ გამორიცხავენ, რომ ახალი მეთოდი მომავალში ადამიანის კბილების რეგენერირებაშიც დაგვეხმაროს, თუმცა მანამდე კიდევ არაერთი კვლევის ჩატარებაა საჭირო. მომდევნო ეტაპზე ისინი მონოკლონალური ანტისხეულების გამოცდას ისეთ ცხოველებზე გეგმავენ, როგორიც ღორი და ძაღლია.