მეცნიერები “კვანტური ტვინის” შექმნას უახლოვდებიან

ნიდერლანდების ქალაქ ნეიმეგენში მდებარე რედბონდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ჭკვიანი მატერია შექმნეს, რომელსაც ინფორმაციის შენახვა და დამუშავება ადამიანის ტვინის მსგავსად შეუძლია. შემქმნელთა განცხადებით, მათი მიღწევა “კვანტური ტვინის”, ანუ მაღალგანვითარებული კომპიუტერული ტექნოლოგიის შემუშავებაში დიდ წვლილს შეიტანს, რომლის შემადგენელი კომპონენტებიც ისე იფუნქციონირებენ, როგორც ნეირონები და მათი დამაკავშირებელი სინაფსები. 

დღეს არსებული სისტემით, ხელოვნური ინტელექტი ახალი ინფორმაციის დამახსოვრებასა და მისი ძველისგან გარჩევას სპეციალური კომპიუტერული პროგრამების მეშვეობით ახერხებს, რომლებიც მონაცემთა გადამუშავებასა და მათ მყარ დისკზე შენახვას უზრუნველყოფენ. ამგვარი სისტემების გამართული მუშაობა დიდი რაოდენობით ენერგიას საჭიროებს, ამიტომ მეცნიერებს ბევრად ეფექტიანი მოწყობილობის შექმნა სურთ, რომელიც იმავე ფუნქციებს შეითავსებს, თანაც ნაკლები დანახარჯით. სწორედ ასეთია “კვანტური ტვინი”.

აღნიშნული პრობლემის გადასაჭრელად, მკვლევრებმა ერთ-ერთი ლითონის, კობალტის შემადგენელი ატომების ქსელი შექმნეს, რომლის თითოეული ელემენტი გარკვეულ ინფორმაციას შეიცავდა და ის შავ ფოსფორში მოათავსეს. მეცნიერებმა მათი გააქტიურება ელექტრული დენის საშუალებით შეძლეს, შედეგად კი ნეირონების ურთიერთქმედების მსგავსი პროცესი მიიღეს. ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ გარეგანი სტიმულირება ხელოვნური სინაფსების ცვლილებას იწვევს, ანუ ჭკვიანი მატერია მისთვის გადაცემული იმპულსების შესაბამისად მოქმედებს, ადაპტირდება და სწავლობს.

მეცნიერები აღნიშნავენ, რომ მათი იდეის განხორციელების შემთხვევაში, სრულიად ახალი თაობის, გაცილებით მაღალტექნოლოგიური კომპიუტერების ერა დაიწყება. ავტორები მიღწეულით აღფრთოვანებულები არიან, მაგრამ განმარტავენ, რომ არსებობს მრავალი უცნობი ფაქტორი, რომელშიც გარკვევა ჯერ კიდევ საჭიროა.