ნიკი მინაჟი ახალ კლიპში ქართველი დიზაინერის სათვალით გამოჩნდა

ცნობილმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, ნიკი მინაჟმა რეპერ YoungBoy Never Broke Again-თან ერთად თანამედროვე ჰიპ ჰოპის ერთ-ერთი გამორჩეული პროდიუსერის, Mike WiLL Made-It-ის კომპოზიციაში What That Speed Bout?! მიიღო მონაწილეობა. 

ტრეკზე გადაღებულ კლიპში მუსიკოსმა ქართველი დიზაინერის, დავით ფაფიაშვილის ბრენდის Davidsnow სათვალე მოირგო. მინაჟის სტილისტმა AQUILES აქსესუარს მოდის რეალტორ TATA-LA-ს დახმარებით მიაკვლია, რომელიც ქართველი დიზაინერების ნამუშევრებს უცხოელ ვარსკვლავებს სთავაზობს.

ბრენდი ძირითადად თანამედროვე, ფუტურისტული სათვალეების წარმოებაზეა ორიენტირებული. დიზაინერი უკვე ორ წელზე მეტია, აქტიურად მუშაობს ქართულ ბაზარზე და პოპულარობით სარგებლობს უცხოელ მომხმარებლებშიც. მისი პროდუქცია ისეთ ცნობილ ადამიანებს მოურგიათ, როგორებიც არიან: ბილი აილიში, კეშა, Tayla Parx და სხვა.