SSC TUATARA მსოფლიოში ყველაზე სწრაფი სერიული ავტომობილი გახდა

ამერიკული კომპანიის SSC North America მიერ შექმნილმა ავტომანქანამ SSC Tuatara ლას ვეგასის ახლოს მდებარე გზატკეცილზე ტესტირებისას რეკორდული შედეგი აჩვენა. ის 11-კილომეტრიან ტრასაზე ორი, ერთმანეთის საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრაობისას გამოცადეს. პირველ ჯერზე მანქანამ საათში 484.53 კილომეტრი, უკანა გზაზე კი 532.93 კილომეტრი დაფარა. შედეგად, სიჩქარის საშუალო მაჩვენებელმა 508.73 კმ/სთ შეადგინა, რითაც SSC Tuatara სერიული წარმოებისთვის განკუთვნილ მოდელებს შორის მსოფლიოში ყველაზე სწრაფი ავტომობილი გახდა.

მანქანას ბრიტანელი ავტომბრბოლელი, ოლივერ ვები მართავდა. სპეციალისტები ტესტირებას თვალს დედამიწის 15 ხელოვნური თანამგზავრის მეშვეობით ადევნებდნენ. გამოცდაზე დამსწრეთა შორის იყვნენ ასევე გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნის მიერ უფლებამოსილი პირები, რომლებმაც SSC Tuatara-ს შედეგი ოფიციალურად დაადასტურეს. ნაჩვენები სიჩქარით ავტომობილმა პირველობა შვედური კომპანიის Koenigsegg მოდელს Koenigsegg Agera ჩამოართვა, რომელმაც 2017 წლის ნოემბერში ტესტირებისას საათში საშუალოდ 446.97 კილომეტრის გავლა შეძლო.

მსოფლიოში ყველაზე სწრაფი სერიული ავტომობილის ტიტულის მოსაპოვებლად აუცილებელია, რომ მანქანა უკვე დასრულებული სახით იყოს წარმოდგენილი – ისეთი, როგორსაც მომხმარებლები მწარმოებლის მაღაზიაში შეიძენენ. ტესტირება ჩვეულებრივ ტრასაზე იმართება, რომელსაც ავტომანქანა ჯერ ერთი, შემდეგ კი მეორე მიმართულებით გაივლის, რომ მის მიჩქარეზე ჰაერის ნაკადის ან რაიმე სხვა ფაქტორის გავლენა გამოირიცხოს. დაუშვებელია ასევე სპეციალური საბურავებისა და საწვავის გამოყენებაც. SSC Tuatara-მ მსოფლიო რეკორდის დამყარებისას სწორედ ყველა ზემოჩამოთვლილი მოთხოვნა დააკმაყოფილა.

SSC Tuatara-ს კორპუსი ნახშირბადის ბოჭკოებისგანაა დამზადებული და 1,247 კილოგრამს იწონის. ის რვაცილინდრიანი ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც საწვავის ტიპის მიხედვით 1,750 ან 1,350 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. წინასწარი ინფორმაციით, მოდელი, რომლის შესაქმნელადაც კომპანიას 10 წელი დასჭირდა, შეზღუდული რაოდენობით იწარმოება. SSC North America წელიწადში 20, საერთო ჯამში კი 100 მანქანის გამოშვებას გეგმავს. მისი შეძენა მსურველებს 1,6 მილიონ აშშ დოლარად შეეძლებათ.