როდის გადავა USB-C კონექტორზე iPhone და რას შეცვლის ეს

ევროპარლამენტმა ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა ახალ კანონს, რომელიც საბოლოოდ მოითხოვს ყველა მწარმოებლისგან, რომ ევროკავშირში გაყიდულ ყველა მობილურ ტელეფონს ჰქონდეს USB-C პორტი სადენიანი დამუხტვისთვის.

ეს ნიშნავს, რომ Apple-ს, მოუწევს ტელეფონებიდან მისი საყვარელი Lightning კონექტორის ამოღება და USB-C-ზე გადასვლა. შეიძლება ძალიან არ უნდოდეს თუმცა სხვანაირად მისი პროდუქრი ვეღარ გაიყიდება ყველაზე მომგებიან ევროპულ ბაზარზე.

ევროკავშირის ახალი რეგულაციის მიზანი ელექტრონული ნარჩენების შემცირებაა. რაც უფრო მეტი მოწყობილობა იქნება თავსებადი ერთნაირი ტიპის სადენებთან და პორტებთან, მით უფრო ნაკლები ელექტრონული მოწყობილობა და დამტენი გადაიყრება. ევროკავშირის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, ყოველწლიურად 11 000 ტონა გადაყრილი და გამოუყენებელი დამტენი ხვდება ნაგავსაყრელზე. ევროკავშირი მიიჩნევს, რომ ნარჩენების შემცირების გარდა, ამ მეთოდით დაზოგავს მომხმარებელთა ფულსაც, რათა მათ უპრობლემოდ გამოიყენონ ძველი დამტენები და სადენები ახალ მოწყობილობებზე. არსებული მონაცემებით, ევროკავშირის მოქალაქეები ახალ სადენებსა და დამტენებში წლიურად 250 მილიონ ევრომდე ხარჯავენ.

გარდა საერთო სტანდარტით შემცირებული ნარჩენებისა და დაზოგილი ბიუჯეტისა, შესაძლოა USB-C -ზე გადასვლა iPhone-ის ტექნიკურ განვითარებად ჩავთვალოთ, რადგან მონაცემების გადაცემის სიჩქარე Apple-ის Lightning კონექტორის შესაძლებლობებს ბევრად აღემატება. Lightning კონექტორს მონაცემების გადაცემა შეუძლია 480Mbps/60MBps-ით, ხოლო USB-C-ის სიჩქარე 5Gbps/640MBps-ს შეადგენს.

ახლა მთავარი კითხვა – როდის გახდება Apple იძულებული, შეცვალოს Lightning პორტი?

მიუხედავარ ევროპარლამენტის მხარდაჭერისა, აღნიშნული კანონი ჯერ ქმედითი არ არის. ევროკავშირში აღნიშნული წესის ამოქმედებას ევროსაბჭოს ხელმოწერა სჭირდება, რის შემდეგაც ის გამოქვეყნდება ოფიციალურად, საიდანაც 20 დღეში შევა ძალაში და გახდება სავალდებულო. თუმცა ძალაში შესვლის შემდეგაც კი, ეფლის მსგავს კომპანიებს, რომლებიც USB-C კონექტორებს არ იყენებენ რიგ მოწყობილობებში, მიეცემათ 2 წლიანი საშეღავათო პერიოდი. რაც ნიშნავს, რომ საერთო სტანდარტი სავალდებულო გახდება 2024 წლის ბოლოდან. ამ დროისთვის კი ეფლის ახალი მოწყობილებების გამოშვების გრაფიკში თუ iPhone 16 ახალ წესებს შეძლებს და გაასწრებს, iPhone 17 გარდაუვლად იქნება USB-C პორტით. ერთადერთი სიურპრიზი, რაც ეფლმა შეიძლება საკუთარ მომხმარებლებს მოუწყოს, არის კონექტორის სრულად გაუქმება და უკაბელო დამუხტვაზე სრული გადასვლა. რაც ბევრ დისკომფორტს შექმნის, თუმცა Apple რომ მაგაზე დარდს არ გადაჰყვება, ეს უკვე გვიჩვენა 3.5 mm აუდიო კონექტორის ამოღებამ, რასაც არა მხოლოდ ეფლის მომხმარებელი შეეგუა, როგორც ახალ სტანდარტს, არამედ სხვა, ანდროიდ მოწყობილობებმა ჯერ iPhone-ს დაცინვის კამპანიაში ბევრი ფული დახარჯეს (მაგ. SAMSUNG), შემდეგ კი ტრადიციულად მიბაძეს ვაშლის კომპანიას და საკუთარ მომხმარებლებსაც იგივე დამართეს.