მაინც როგორია Google-ის ახალი სმარტფონები Pixel 7 და Pixel 7 Pro

წლევანდელი Pixel ტელეფონები ოდნავ უფრო გლუვია, თუმცა, დიდწილად გარეგნულად ისეთივეა, როგორც წინამორბედი 6 და 6 Pro. ცხადია, ცვლილებებისა და ტექნიკური გაუმჯობესებების გარეშე სიახლედ შემოსაღება Google-ს არ უკადრებია და მაინც, რას როგორია ძველით ახალი პიქსელი?!

დასაფასებელია, რომ კალიფორნიული დიზაინის მქონე, ჩინეთში დამზადებული სმარტფონებისგან განსხვავებით (iPhone – designed in california assembled in china), გუგლის ახალი სმარტფონებში მხოლოდ მონაცემები და დიზაინი არ ჰგავს მის წინა მოდელებს, ახალი ფასიც წინამორბედისგან არაფრით განსხვავდება და უახლესი Pixel 7 და Pixel 7 Pro $600-დან $900-მდე ღირს. მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში არსებული ინფლაციისა და ეკონომიკური რყევების ფონზე, ფასების უცვლელად დატოვება დასაფასებელია ყოველგვარი ირონიის გარეშე.

Pixel 7-ს, 6.3-ინჩიანი 90Hz სიხშირის მქონე ეკრანი აქვს, ხოლო Pixel 7 Pro-ს ეკრანის ზომა 6.7-ინჩია, განახლების სიხშირე კი 120Hz-ს შეადგენს. ორივე სმარტფონის ეკრანის სიკაშკაშე 25%-ით გაუმჯობესდა, რაც შესამჩნევია მათი გარეთ გამოყენების დროს. Google-მა სახის სკანერებით განბლოკვის ფუნქცია დააბრუნა, რომელიც წინა ორი მოდელიდან უბოდიშოდ გააქრო. ახალ სმარტფონს ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ფუნქციებიც დაემატა – მაგალითად, აუდიო შეტყობინებების ტექსტად ქცევა და პირიქით, ტექსტური შეტყობინებების გახმოვანება. ასევე ტელეფონზე საუბრისას ხელოვნური ინტელექტი ფონურ ხმებს ახშობს, ხოლო თქვენს ხმას უფრო მკაფიოს და გარჩევადს ხდის.

რა თქმა უნდა ახალი გაჯეტის ნამდვილი ვარსკვლავი გარედან არ ჩანს: ეს არის Tensor G2, Google-ის მეორე თაობის ჩიპსეტი, ის წინამორბედთან შედარებით 60%-ით უფრო მძლავრია. სწორედ ეს განახლებული ჩიპსეტი გახლავთ სმარტფონის მრავალი გაუმჯობესებული მახასიათებლების რეალური ზურგი. სწორედ მისი დამსახურებაა ყველაფერი, რაც Google მტკიცებით Pixel 7-სა და 7 Pro-ში, უნდა მოგვეწონოს – იქნება ეს ზარის გაუმჯობესებული ხარისხი, უფრო სწრაფი და ხარისხიანი ღამის რეჟიმი, თუ ახალი Cinematic Blur ფუნქცია პორტრეტის რეჟიმის შთამბეჭდავი ბოკესთვის ვიდეოგადაღების დროს.

ის, რასაც გარეგნულად ვერ შენიშნავთ, არის Pixel 7-ის განახლებული სელფის (წინა) კამერა. Pixel 7 Pro-ს ეკრანზე გვხვდება იგივე 10,8 მეგაპიქსელიანი კამერის სენსორი, რაც 6-ის პრო ვერსიასაც ჰქონდა, თუმცა, ის გთავაზობთ უფრო ფართო 20 მმ ექვივალენტურ ფოკუსურ მანძილს, რაც სელფ გამოსახულებაში მეტი ადამიანის დატევის საშუალებას მოგცემთ. ასევე, წინა კამერას ახლა შეუძლია 4K / 60p გარჩევადობით ჩაწერა, ხოლო Pixel 6-ის სელფის კამერა შეზღუდული იყო 1080p რეზოლუციით.

რაც შეეხება მთავარ კამერას და მის ჩარჩოს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, Google-მა წინა წლის დიზაინი მცირედი გაუმჯობესებებით, მაგრამ პრაქტიკულად უცვლელად შეინარჩუნა. პიქსელ 7-ის ალუმინის ჩარჩო გლუვი დამუშავებითაა წარმოდგენილი, ხოლო პრო ვერსიაში, ზედაპირი გაპრიალებული ფორმით გვხვდება, რაც რაღაც კუთხით მას უფრო პრემიუმ მოწყობის ვიზუალს აძლევს.

Pixel 7 Pro აღჭურვილია 3 კამერით – ფართოკუთხიანი კამერა 50 MP f/1.9, ტელეფოტო ლინზა 48 MP, f/3.5, 120mm და ულტრაფართო ლინზა 12 MP, f/2.2, 126˚. კომპანია აცხადებს, რომ მათი პროგრამული უზრუნველყოფა კამერის მონაცემებზე მოცემულ ციფრებს საოცარი შედეგების დადების შესაძლებლობას აძლევს, უნდა ვაღიაროთ, რომ არ ტყუიან და Pixel 7 Pro ნამდვილად კარგ ფოტოებს იღებს.

გაუმჯობესებულია ვიდეო გადაღების რეჟიმიც წინა მოდელთან შედარებით. გაიზარდა კადრის სტაბილიზაციის დონე და ფუნქცია Cinematic Blur საშუალებას გვაძლევს სმარტფონით გადაღებული ვიდეო, ნამდვილ კინოკადრს მივამსგავსოთ. მთავარ კამერას აქვს 10-ჯერადი ოპტიკური ზუმი, თუმცა ზუმ ფუნქცია აქ არ მთავრდება და გუგლის თქმით პროგრამული დამუშავებით ახლა შორს მდებარე ობიექტებს გაცილებით დეტალურად დააფიქსირებთ, ვიდრე ოდესმე ( 30x ).

Pixel 7-ის მთავარი კამერა კი წარმოდგენილია ორი ლინზით – ფართოკუთხიანი 50 MP, f/1.9, 25mm და ულტრაფართო კუთხიანი ლინზა 12 MP, f/2.2, 114˚. შედეგები ამ კამერასაც შესანიშნავი აქვს, თუმცა ფაქტია, რომ მას ტელეფოტო ლინზა არ აქვს.

გუგლის პროგრამული დამუშავება ფოტოების შესანიშნავ ხარისხს გვაძლევს მწირი განათების პირობებშიც, რაც სხვა ანდროიდ სმარტფონებისგან მას ნამდვილად გამოარჩევს.

სხვაობაა ელემენტშიც – Pixel 7-ის ელემენტი Li-Ion 4355 mAh-ის ტევადობითაა წარმოდგენილი, ხოლო Pixel 7 Pro ვერსიაში ელემენტის მოცულობა 5000 mAh-ს შეადგენს.

ცხადია, Pixel-ის ტელეფონების ერთ-ერთი უპირატესობა ისაა, რომ ისინი მუშაობენ ანდროიდის უკანასკნელ ვერსიაზე და პროგრამულ განახლებებსაც ყოველთვის პირველი იღებენ.

სმარტფონებს მინიჭებული აქვთ IP68 სერტიფიკატი, რაც ნიშნავს, რომ ისინი დაცულნი არიან წყლისგან და მტვრიგან.