ფრჩხილის ლაქის საშრობის გამოყენება სახიფათოა

სალონებსა და სახლშიც, ლაქის UV საშრობები ფრჩხილის მოვლის რუტინის განუყოფელი ნაწილი გახდა. ცნობილია, რომ ულტრაიისფერ სხივების ჭარბი ზემოქმედება კანის კიბოს გამომწვევი მიზეზი შეიძლება გახდეს. ასეთი გამოსხივების მავნებლობის შესახებ ინფორმაცია დიდი ხანია ცნობილია, თუმცა, ამ დრომდე არ არსებობდა იმ მოწყობილობების მავნე ზემოქმედების კვლევა, რომელთაც სილამაზის სალონებში შილაქის და ჯელ-ლაქის გასაშრობად იყენებენ.

ახლახანს გამოქვეყნებული კვლევა გვიჩვენებს, თუ რა ზიანის მომწანი შეიძლება აღმოჩნდეს სალონსა თუ სახლში ხელებზე მიღებული დასხივება. LED ნათურებით აღჭურვილი ფრჩხილის ლაქის საშრობი მინი-სოლარიუმივით მუშაობს – ულტრაიისფერი გამოსხივებით ფრჩხილის სხვადასხვა სახის ლაქს სწრაფად აშრობს და ამყარებს. სოლარიუმისგან განსხვავებით, ასეთი საშრობების ნათურა გაცილებით სუსტ დასხივებას ახდენს, თუმცა ულტრაიისფერი სხივები თითების კანში გაივლის და ჩვენს სხეულში ხვდება.

ახალმა კვლევებმა მოლეკულურ დონეზე აჩვენა, რომ ფრჩხილის საშრობიდან მომავალი ულტრაიისფერი გამოსხივება ადამიანის დნმ-ს აზიანებს. ექსპერიმენტის ფარგლებში, ადამიანისა და თაგვის უჯრედები UV საშრობში 20 წუთით ორ-ორჯერ მოათავსეს, რამაც უჯრედების 20-დან 30%-მდე გაანადგურა. 3 დღეში იმავე უჯრედებზე გამეორებულმა ექსპერიმენტმა, აჩვენა, რომ უჯრედების 70%-მა გაიზიარა იგივე ბედი. ლაქის გაშრობის დროს, ადამიანის ხელები ამ მოწყობილობაში დაახლოებით 10 წუთამდეა მოთავსებული, რაც 40 წუთზე ბევრად ნაკლები დროა, თუმცა ეს არ გვაძლევს საშუალებას, რომ რისკი განეიტრალებულად ჩავთვალოთ. კვლევის დროს გადარჩენილი უჯრედების უმრავლესობამ დნმ-ის დაზიანებისა და კანის კიბოსთან დაკავშირებული მუტაციების არსებობა აჩვენა.

ეს შედეგები ავტომატურად არ ნიშნავს, რომ ულტრაიისფერი დასხივებით ლაქის გაშრობისას სიმსივნის რისკი მაღალია, თუმცა მიღებული შედეგები ადასტურებს, რომ ასეთი საფრთხე რეალურად არსებობს. უფრო მეტი და ზუსტი ინფორმაციის მისაღებად მეცნიერები ამ მიმართულებით ხანგრძლივი და მასშტაბური კვლევის ჩატარებას აპირებენ.