ჰაერიდან დნმ-ის ნიმუშების მოპოვება შესაძლებელი ხდება

დიდ ბრიტანეთში მდებარე ლონდონის დედოფალ მერის სახელობის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ინოვაციური ტექნოლოგია შეიმუშავეს, რომლის საშუალებითაც ჰაერიდან დნმ-ის ნიმუშების მოპოვებაა შესაძლებელი. ეს გამოგონება ეკოლოგებს ცხოველთა ისეთი სახეობების ადგილმდებარეობის მიკვლევაში დაეხმარება, რომელთა მიგნებაც მრავალ პრობლემასთანაა დაკავშირებული.

მეთოდი, რომელიც გენეტიკური მასალის გარემოდან აღებას გულისხმობს, ხმელეთისა და წყლის ბინადრების შესასწავლად უკვე დიდი ხანია გამოიყენება. მეცნიერები მისი მეშვეობით წყალსა თუ მიწაზე მოლეკულური ფრაგმენტების მოპოვებას ცდილობენ, რომელთა შესწავლაც მათ იმ არეალში მცხოვრები ორგანიზმების შესახებ ინფორმაციას აწვდის. ნიმუშებს ისინი სპეციალურ ფილტრში აგროვებენ, შემდეგ კი მას გენეტიკურ ტესტირებას უტარებენ, რის შედეგადაც კონკრეტული სახეობის დნმ-ს ამოიცნობენ.

იმის გასარკვევად, შეიძლება თუ არა იმავე გზით ბიოლოგიური ნიმუშების ჰაერიდან მოპოვება, ნაშრომის ავტორებმა ექსპერიმენტი ჩაატარეს. მათ თხუნელებისთვის მილებისა და კონტეინერების გამოყენებით ხელოვნური სორო დაამზადეს, სადაც მღრღნელები შეუშვეს, იქიდან ამოტუმბული ჰაერი კი ფილტრში გაატარეს. შედეგად, ღრმულში არსებულ აირებში მეცნიერებმა გენეტიკური ანალიზით ცხოველის დნმ აღმოაჩინეს.

აღსანიშნავია, რომ მკვლევრებმა ლაბორატორიის ჰაერში ადამიანის დნმ-საც მიაკვლიეს. ისინი ხაზს უსვამენ, რომ მსგავსი რამ ძირითადად დახურულ ადგილებშია შესაძლებელი, რადგან ღია სივრცეში მოლეკულები იფანტება. ტექნოლოგიის დასახვეწად სპეციალისტები კვლევის გაგრძელებას გეგმავენ.