2025 წელს, პირველი კოსმოსური სასტუმროს მშენებლობა დაიწყება

კალიფორნიის შტატში დაფუძნებული კომპანია Orbital Assembly Corporation კოსმოსში პირველ სასტუმროს განათავსებს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “მოგზაური სადგურის” სახელით ცნობილი კონსტრუქციის მშენებლობა დედამიწის ორბიტაზე 2025 წლიდან დაიწყება, მისი დასრულება კი 2027 წლისთვის არის დაგეგმილი.

კოსმოსურ სასტუმროს ბორბლის ფორმა ექნება. ის საკუთარი ღერძის გარშემო იტრიალებს, რის შედეგადაც ხელოვნური გრავიტაციის წარმოქმნას შეძლებს, რომელიც მთვარის ზედაპირზე არსებულის მსგავსი იქნება. მთავარი კონსტრუქციის გარშემო საერთო ჯამში 24 მოდული განლაგდება, რომელთა სიგრძე 20 მეტრი, სიგანე კი 12 მეტრი იქნება. იქ ბარები და რესტორნები, კინოთეატრები, ფიტნეს დარბაზები და სპა სალონები, ასევე, 400 ადამიანზე გათვლილი ნომრები მოეწყობა. რა ეღირება ღამის გათევა ჩვენი პლანეტის გარშემო მოძრავ სასტუმროში, ამ დროისთვის უცნობია.

Orbital Assembly Corporation-ის წარმომადგენლები აცხადებენ, ილონ მასკის კომპანია SpaceX-ის მიერ წარმოებული მრავალჯერადი გამოყენების რაკეტის Falcon 9 და კოსმოსური ხომალდის Starship საშუალებით დედამიწის ორბიტაზე კონსტრუქციის განთავსება შედარებით ბიუჯეტურ ფასად იქნება შესაძლებელი. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართება, “მოგზაური სადგური” კოსმოსში ადამიანის მიერ აგებული ყველაზე დიდი ობიექტი იქნება.