პირველი ხელოვანი რობოტი ლონდონში გამოფენას მოაწყობს

უახლოეს მომავალში პირველი ხელოვანი ჰუმანოიდი რობოტის, Ai-Da-ს მიერ შექმნილი ავტოპორტრეტების სერიების გამოფენა მოეწყობა. როგორც ცნობილია, მის მიერ შესრულებული ნამუშევრების დათვალიერებას მსურველები ლონდონში მდებარე დიზაინის მუზეუმში მიმდინარე წლის მაისიდან ივნისამდე პერიოდში შეძლებენ, თუმცა არ გამორიცხავენ, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებულმა შეზღუდვებმა აღნიშნული ვადების გადაწევა განაპირობოს.

ადამიანის მსგავსი რობოტი Ai-Da თავის გარშემო არსებულ სამყაროს თვალებში ჩამონტაჟებული კამერების დახმარებით აღიქვამს. ამგვარად “ხედავს” ის სარკეში გამოსახულ საკუთარ ანარეკლსაც, რომელსაც შემდგომ ხელოვნური ინტელექტისა და კომპიუტერული პროგრამების მეშვეობით გადაამუშავებს. მიღებულ მონაცემებს ის სპეციალური ალგორითმების გამოყენებით კოორდინატებად აქცევს, რომელთა საშუალებითაც ფურცელზე გამოსახულების მონახაზი გადააქვს. სწორედ ამ ინოვაციური ტექნოლოგიის წყალობით ქმნის ნახატებს და მათ შორის ავტოპორტრეტებს ჰუმანოიდი რობოტი.

Ai-Da საზოგადოებამ პირველად 2019 წელს იხილა. მას სახელი მე-19 საუკუნეში მცხოვრები მათემატიკოსისა და მწერლის, ადა ლავლეისის პატივსაცემად უწოდეს, რომელსაც პირველი გამომთვლელი მანქანისა და კომპიუტერული პროგრამების შექმნაში დიდი წვლილი მიუძღვის.