Apple-ს თანამშრომლები ოფისში დაბრუნებას აპროტესტებენ

პანდემიის დასრულების შემდეგ ოფისებში სამუშაოდ დაბრუნებას Apple-ს თანამშრომელთა ნაწილი ეწინააღმდეგება.

The Verge-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კომპანიის 80-მდე თანამშრომელმა ტიმ კუკს წერილით მიმართა და მოუწოდებენ მას, გადახედოს გეგმას, რომლის თანახმადაც სექტემბრიდან კომპანიის თანამშრომლებს მუშაობა ოფისში უნდა გაეგრძელებინათ. წერილის ხელმომწერები ავტორები აღნიშნავენ, რომ Apple-ის ადმინისტრაცია მათ შეხედულებებს აიგნორებს, როდესაც აცხადებს, რომ თანამშრომლებს სრული სამუშაო განრიგით დაბრუნება სურთ. ისინი მიიჩნევენ, რომ თანამშრომლებისთვის უნდა ეკითხათ, სურდათ თუ არა მათ დისტანციურად მუშაობის გაგრძელება, ხოლო დაბრუნების შემთხვევაში, მათთან შეთანხმებულიყო სამუშაოს მოქნილი გრაფიკი.

ამ ეტაპზე უცნობია, რამდენად მნიშვნელოვანი აღმოჩნდება ეს პროტესტი Apple-სთვის, რადგან წერილის ხელმომწერი თანამშრომელთა მცირე ჯგუფია.

თუმცა, გამორიცხული არ არის, დისტანციური მუშაობის მსურველთა მოსაზრებამ ტექნოლოგიური გიგანტის დანარჩენ თანამშრომლებზეც იქონიოს გავლენა.

ცნობისთვის, 4 დღის წინ Apple-მა გამოაცხადა, რომ დისტანციური მუშაობა სექტემბერში დასრულდება და კომპანიის თანამშრომლები სამუშაოდ ოფისებს დაუბრუნდებიან.