Hyindai და Kia აფეთქების საშიშროების გამო, ნახევარ მილიონამდე ავტომობილს უკან გაიწვევს

სამხრეთ კორეული ავტომწარმოებელი კომპანიები, Hyindai და Kia ნახევარ მილიონამდე ავტომობილს უკან გაიწვევს. კომპანიები მომხმარებლებს აფრთხილებენ, რომ სანამ ავტომობილების შეკეთება მოხდება, ისინი სახლიდან შორს გააჩერონ, რადგან აფეთქების დიდი ალბათობა არსებობს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

ოფიციალური განცხადებების თანახმად, კომპანიები უკან გაიწვევენ რამდენიმე მოდელის ავტომობილებს: 2014-2016 წლების Kia Sportage-ს, 2016-2018 წლის Kia K900-სა და 2016-2018 წლის Hyundai Santa Fe-ს. აღმოჩნდა, რომ ამ მანქანებს ABS სისტემის ჰიდრავლიკური ელექტრონული მართვის განყოფილებაში (HECU) ქარხნული დეფექტი აქვთ. ამის გამო, სისტემა ნებისმიერ დროს შეიძლება მწყობრიდან გამოვიდეს და მოკლე ჩართვა გამოიწვიოს. დაუცველი კომპონენტი მანქანის ძარაში ისეთ ადგილას მდებარეობს, რომ შესაძლო ხანძარი ან მანქანის აფეთქება გამოიწვიოს.

ამ ხარვეზის აღმოსაფხვრელად Hyundai და მისი შვილობილი კომპანია Kia ზემოაღნიშნული მოდელების 484 ათას მანქანას გაიწვევენ: მათგან 126,747 არის Kia, ხოლო 357,830 ბრენდირებულია თავად Hyundai-ს მიერ. ამ დროისთვის კომპანია იტყობინება, რომ აღნიშნული მიზეზით მანქანის აალების 11 შემთხვევა დაფიქსირდა. ამ შემთხვევების შედეგად, არავინ დაშავებულა.