SAMSUNG-მა ბიუჯეტური 5G სმარტფონი წარადგინა

Samsung-მა ახალი ბიუჯეტური სმარტფონი Galaxy A42 5G წარადგინა. სამხრეთკორეული კომპანიის მიერ აქამდე წარმოებულ, 5G მხარდაჭერის მქონე მობილურ მოწყობილობებს შორის, ის მომხმარებლებისთვის ყველაზე შეღავათიან ფასად, 455 აშშდოლარად იქნება ხელმისაწვდომი.

Galaxy A სერიის ახალი მოდელი პროცესორით Snapdragon 750G არის აღჭურვილი, რომელიც კომპანიამ Qualcomm გასულ თვეში წარადგინა. სმარტფონის ოპერატიული მეხსიერება 4GB, 6GB ან 8GB-ია, ელემენტის ტევადობა კი 5000 mAh-ს შეადგენს. მობილურ მოწყობილობას 128GB შიდა მეხსიერება აქვს, თუმცა სურვილის შემთხვევაში, მას შეიძლება 1-ტერაბაიტიანი მეხსიერების ბარათიც დაემატოს.

6,6-დუიმიანი OLED ეკრანის მქონე სმარტფონის სისქე 8,6 მილიმეტრი, წონა კი 193 გრამია. Galaxy A42 5G-ის უკანა კორპუსზე 48-მეგაპიქსელიანი მთავარი კამერა, 8-მეგაპიქსელიანი ფართოკუთხიანი, ასევე სიღრმისა და მაკრო გამოსახულების 5-მეგაპიქსელიანი კამერებია განლაგებული. მობილური მოწყობილობის ეკრანში თითის ანაბეჭდის სენსორია ჩაშენებული, მის ზედა, ცენტრალურ ნაწილში კი 20-მეგაპიქსელიანი წინა კამერაა განთავსებული.

Samsung-ის ახალი ბიუჯეტური სმარტფონი დიდ ბრიტანეთში 6 ნოემბრიდან გაიყიდება. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მსურველები Galaxy A42 5G-ის შავი, ნაცრისფერი და თეთრი მოდელების შეძენას შეძლებენ.