Tesla-ს ავტომობილებმა უმიზეზო დამუხრუჭებას მოუხშირეს – რა მოსდით ელექტრომობილებს

ბოლო სამი თვის განმავლობაში, Tesla-ს ელექტრომობილების მფლობელებმა 100-ზე მეტი საჩივარი დაწერეს იმასთან დაკავშირებით, რომ მათი მანქანები ყოველგვარი მიზეზის გარეშე, უეცრად ამუხრუჭებენ. ამის შესახებ ინფორმაციას The Washington Post-ი ავრცელებს.

Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ილონ მასკმა ჯერ კიდევ გასული წლის ოქტომბერში განაცხადა, რომ ეს ხარვეზი მათთვის ცნობილი იყო და პრობლემის აღმოსაფხვრელად Full Self-Driving 10.3-ის ბეტა ვერსიას უკან გაიწვევდა. თუმცა, ამ განცხადების გაკეთების შემდეგ აღნიშნულ ხარვეზთან დაკავშირებით საჩივრები არ შემცირებულა.

The Washington Post-ის ცნობით, ბოლო სამი თვის განმავლობაში, აშშ-ს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ეროვნულმა ადმინისტრაციამ (NHTSA) 107 საჩივარი მიიღო Tesla-ს ელექტრო მანქანების სპონტანური დამუხრუჭების შესახებ. შედარებისთვის, წინა 22 თვის განმავლობაში მარეგულირებელმა, მსგავს პრობლემასთან დაკავშირებით მხოლოდ 34 საჩივარი მიიღო.

ელექტრომობილების მფლობელები ჩივიან, რომ პრობლემა ცარიელ გზატკეცილზეც კი ჩნდება. მათი განმარტებით, მანქანა ყოველგვარი მიზეზის გარეშე, საავარიო დამუხრუჭებას ახორციელებს. ამ ქცევას ზოგიერთ შემთხვევაში, შეჯახების ალბათობის შესახებ ცრუ შეტყობინებებიც ახლავს.

ვარაუდობენ, რომ პრობლემა შესაძლოა დაკავშირებული იყოს Tesla-ს საკამათო გადაწყვეტილებასთან, ამოიღოს რადარის სენსორები ახალი Model 3 და Model Y-ს ელექტრომანქანებიდან. ცნობისთვის, ილონ მასკმა საჯაროდ განაცხადა, რომ მძღოლის დახმარების სისტემის გასაკონტროლებლად, რადარის გამოყენებაზე უარს ამბობენ და მათ კამერებით ჩაანაცვლებენ.