ამასობაში, მეცნიერებმა კვანტური ქსელი შექმნეს

ნიდერლანდებში, დელფტის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მეცნიერებმა სამი პროცესორის ერთმანეთთან დაკავშირებით კვანტური ქსელი შექმნეს, რაც მსოფლიოს მასშტაბით უპრეცედენტო მოვლენაა. ამის შესახებ ვრცლად გამოცემა Science-ი წერს.

უკვე მრავალი წელია მეცნიერები კვანტური ინტერნეტის შექმნას ცდილობენ, რომელიც მაღალგანვითარებულ კომპიუტერებს შორის მონაცემთა სწრაფ და უსაფრთხო გაცვლას უზრუნველყოფს. ბოლო დეკადის განმავლობაში მათ ორი პროცესორის წარმატებით დაკავშირება არაერთხელ შეძლეს, თუმცა ეს კვანტური ქსელის მისაღებად საკმარისი არ არის. ახალი კვლევის ფარგლებში, სპეციალისტებმა მოწყობილობების რიცხვი სამამდე გაზარდეს, რომლებსაც პირობითად ელისი, ჩარლი და ბობი დაარქვეს. ექსპერიმენტის მსვლელობისას, ამ უკანასკნელმა ერთგვარი შუამავლის როლი შეასრულა და პირველი პროცესორიდან მიღებული სიგნალის მეორემდე გაგზავნა უზრუნველყო.

მეცნიერთა მიღწევა დამყარებულია კვანტური ნაწილაკების განსაკუთრებულ კავშირზე. ნაწილაკები ერთმანეთთან ისე არიან გადაჯაჭვული, რომ ამა თუ იმ მანძილით დაშორების მიუხედავად, სივრცით მდგომარეობასაც კი იზიარებენ, რაც შესაძლებლობას იძლევა, ინფორმაცია ერთი წერტილიდან მეორეში მყისიერად გადაიგზავნოს. შეიძლება ეს მომენტი მთლად გასაგებად ვერ ავხსენით, მაგრამ რასაც ახლა გეტყვით ეს ნამდვილად კარგი ამბავია – მსგავსი სისტემით აწყობილი ინტერნეტ ქსელის დაჰაკვა ფაქტობრივად გამორიცხულია, რადგან ზემოხსენებული გზით გადაცემული სიგნალი მცირე ჩარევის შემთხვევაშიც კი იცვლება, რასაც ფიზიკაში დამკვირვებლის ეფექტი ეწოდება.

მეცნიერებს ჩატარებული ექსპერიმენტის შედეგი, კვანტური ინტერნეტის შექმნაში, მნიშვნელოვან წინ გადადგმულ ნაბიჯად მიაჩნიათ. უახლოეს მომავალში აღნიშნული ქსელის გაუმჯობესებას, ლაბორატორიის გარეთ გამოცდას, ასევე, არსებულ საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურასთან მის ინტეგრირებას გეგმავენ.