ახალგაზრდა გეიმერის კარიერა თითის ტრავმის გამო დასრულდა

25 წლის გეიმერი, თომას პაპარატო (Thomas ‘ZooMaa’ Paparatto), რომელიც New York Subliners-ში თამაშობს, იძულებულია, ხელების ტრავმის გამო, თამაშს თავი დაანებოს.

“გული მწყდება, რომ თავი უნდა დავანებო საქმეს, რომელშიც 8 წლის განმავლობაში ყოველდღიურად მთელ სულსა და გულს ვდებდი” – დაწერა თომასმა twitter-ზე.

თომას პაპარატო (ZooMaa) 8 წლის განმავლობაში Call of Duty-ს პროფესიონალი მოთამაშე იყო, თუმცა მისთვის საყვარელი და ერთი შეხედვით უსაფრთხო კარიერისთვის თავის დანებება სამწუხარო მიზეზით მოუწია: ახალგაზრდა გეიმერმა, ცერა თითის და მაჯის ტრავმა მიიღო, რის გამოც მას ოპერაცია დასჭირდა, დაზიანებული თითით კი თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო. მისი თქმით, მან საკმაოდ მძიმე პერიოდი გადაიტანა და ცხოვრებაში ყველაზე რთულ ფიზიკურ და მენტალურ მდგომარეობაში აღმოჩნდა, რამაც სტრესი და შფოთვა გამოიწვია.

თომასს ბევრმა გეიმერმა აგრძნობინა მხარდაჭერა. მათი თქმით, არავის შეუძლია ზუსტად გაიგოს ის ტკივილი, რომელსაც ახლა ის განიცდის ამ ტრავმის და საყვარელი საქმის მიტოვების აუცილებლობის გამო.