გერმანიაში უსახლკაროებისთვის საძილე კაფსულები დაამონტაჟეს

გერმანიის ბადენ-ვიურტემბერგის ფედერალური მხარის ქალაქ ულმში, უსახლკარო ადამიანებისთვის ქუჩებსა და პარკებში საძილე კაფსულები დაამონტაჟეს, სადაც ისინი სიცივის, ქარისა და წვიმის დროს თავის შეფარებასა და ღამის უსაფრთხოდ გათენებას შეძლებენ. იდეის ავტორთა განცხადებით, ამ ტერიტორიაზე ფუტურისტული კაბინების განთავსება უფრო ადრე იგეგმებოდა, თუმცა ჩანაფიქრის დროულად განხორციელებას კორონავირუსის პანდემიამ შეუშალა ხელი.

გავრცელებული ინფორმაციიტ, “ულმის ბუდის” სახელით ცნობილი საძილე კაფსულები ხისა და ფოლადის მასალისგანაა დამზადებული, წყალგაუმტარია, ქარისა და ნესტისგან იცავს და უზრუნველყოფს ჰაერის გაფილტვრას.

კაფსულაში განთავსება ერთდროულად ორ ადამიანს შეუძლია. კაბინები აღჭურვილია მზის პანელებით და უსადენო ინტერნეტით.

უსახლკაროებისთვის განკუთვნილ კაფსულებში კამერები დამონტაჟებული არაა. ამის ნაცვლად, კარის გაღებისას სპეციალური სენსორი აქტიურდება და სიგნალს სოციალურ სამსახურს აწვდის, რომლის წარმომადგენლებიც მომდევნო დღეს “ულმის ბუდის” შესამოწმებლად მიდიან, მის დასუფთავებას უზრუნველყოფენ და იქ მყოფებ პირებს დახმარებას სთავაზობენ.

პროექტის შემქმნელების თქმით, მათი ინოვაციური პროდუქტი გამიზნულია მათთვის, ვინც გარკვეული პრობლემების გამო ტრადიციულ თავშესაფრებში დარჩენას ვერ ახერხებს – იქნება ეს ფსიქოლოგიური ფაქტორი, ოთხფეხა მეგობრის შეყვანის აკრძალვა თუ სხვა.