გერმანიაში ორგანოების დონაციისთვის ღორებს ზრდიან

გერმანელმა მეცნიერებმა რამდენიმე გენმოდიფიცირებული ღორი შექმნეს, რათა ისინი ბუნებრივად გამრავლდნენ. ღორების ეს ჯიში, ორგანოების დონაციისთვის გამოდგება და მათ მედიცინაში გამოიყენებენ.

ყოველ ჯერზე გენეტიკური ინჟინერიის დახმარებით გადანერგვისთვის საჭირო ცხოველის გულის შექმნა ძალიან ძვირი ჯდება, რის გამოც გერმანელმა მეცნიერებმა აღნიშნული პროექტი დაიწყეს და გენეტიკურად შეცვლილ ღორებს, ბუნებრივად გამრავლების შესაძლებლობა მისცეს.

აღნიშნულმა პროექტმა, უკვე დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, რადგან მოსახლეობის ნაწილი ფიქრობს, რომ ადამიანების სიცოცხლის ცხოველების დახოცვის ხარჯზე გადარჩენა უსამართლობაა.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ ამერიკელმა მეცნიერებმა მედიცინის სფეროში ახალ სიმაღლეს მიაღწიეს – მათ ღორის გული ადამიანის სხეულში წარმატებით გადანერგეს. ღორის გულის მფლობელი 57 წლის დევიდ ბენეტი გახდა, რომელსაც განუკურნებელი დაავადებია ჰქონდა. 2022 წლამდე ასეთი ოპერაცია შეუძლებელი იყო, რადგან გარკვეული გენების გამო, ადამიანის იმუნიტეტი ცხოველის ორგანოს უცხო ობიექტად აღიქვამდა და ანადგურებდა მას. ოპერაცია 10 გენეტიკური მოდიფიკაციის დანერგვის შემდეგ გახდა შესაძლებელი, რომელიც იმუნურ სისტემას დონორის ორგანოს უარყოფაში ხელს უშლის.