დედამიწის ყინულის საფარის დნობა აჩქარდა

დიდ ბრიტანეთში ჩატარებულმა მასშტაბურმა კვლევამ, რომელიც 23-წლიან პერიოდს მოიცავს, აჩვენა, რომ უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში დედამიწაზე არსებული ყინული რეკორდული სისწრაფით დნება. კვლევის ფარგლებში შესწავლილი სატელიტური მონაცემების მიხედვით, 1994 წლიდან 2017 წლამდე დროის მონაკვეთში ჩვენმა პლანეტამ ჯამში 28 ტრილიონი ტონა ყინული დაკარგა. ეს კი 100 მეტრი სისქის მქონე საფარს უდრის, რომელიც გაერთიანებული სამეფოს ზომის იქნებოდა. თუ 1990-იან წლებში ყოველ 12 თვეში 0,8 ტრილიონი ტონა ყინული დნებოდა, 2017 წლისთვის ეს მაჩვენებელი 1,3 ტრილიონ ტონამდე გაიზარდა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ბოლო ათწლეულში პროცესი საგანგაშოდ, 65 პროცენტით დაჩქარდა. ყინული რეკორდული სისწრაფით გრენლანდიასა და ანტარქტიდაზე დნება.

აღნიშნული მონაცემების თანახმად, შემცირებული ყინულის საფარი მზის სხივების არეკვლას ნაკლებად ახერხებს, შედეგად კი ატმოსფეროსა და ოკეანეებს მეტი სითბო გადაეცემა, რაც დნობის პროცესს უფრო აჩქარებს. მკვლევართა თქმით, ეს ზღვის დონის მნიშვნელოვან მომატებას გამოიწვევს და საფრთხეს არა მხოლოდ სანაპიროებთან მცხოვრებ ადამიანებს, არამედ იქ მობინადრე ცხოველებსა და მთელ ეკოსისტემას შეუქმნის.