ელექტროსიგარეტი იმპოტენციის რისკს ზრდის – კვლევა

ელექტროსიგარეტის მომხმარებამ შესაძლოა, ერექციული დისფუნქციის რისკი თითქმის ორჯერ გაზარდოს.

ახალი კვლევის თანახმად, ელექტროსიგარეტის მოწევისა და იმპოტენციის კავშირი არ არის დამოკიდებული ასაკზე, კარდიოვასკულარულ ჯანმრთელობასა და სხვა რისკფაქტორებზე.

ტრადიციული სიგარეტის მოწევა ერექციულ დისფუნქციას იწვევს და ამის შესახებ გაფრთხილება შეფუთვაზეც მითითებულია, თუმცა ნათელი არ იყო, ასეთივე რისკის წინაშე აყენებდა თუ არა მამაკაცებს ელექტრონული სიგარეტის მოწევაც.

კვლევის ფარგლებში აშშ-ში 20 წელს გადაცილებული 13 711 კაცის მონაცემები გააანალიზეს. მონაწილეთა 20 პროცენტზე მეტს სხვადასხვა დონის ერექციული დისფუნქცია ჰქონდა, თუმცა ელექტრონული სიგარეტის სისტემატიურ მომხმარებლებს იგივე პრობლემა 2,4-ჯერ უფრო ხშირად აწუხებდათ, ვიდრე არამწეველებს.

შემდეგ კვლევა მეცნიერებმა შედარებით მცირე ჯგუფში ჩაატარეს. აღნიშნული კვლევა 20-65 წლის 11 207 კაცის ინფორმაციას მოიცავს, რომელთაც არანაირი კარდიოვასკულარული დაავადება თუ ერექციული დისფუნქციის სხვა რისკფაქტორი არ ჰქონიათ. აღნიშნული ჯგუფის შემთხვევაში, სხვადასხვა სახის ერექციული დისფუნქცია მონაწილეთა 10,2%-ს აღენიშნებოდა, თუმცა ელექტროსიგარეტის მომხმარებლები ამ შემთხვევაში 2,2-ჯერ უფრო მეტად გახდნენ მიდრეკილნი სქესობრივი პრობლემებისაკენ, ვიდრე ისინი, ვისაც იგი არასოდეს გამოუყენებიათ.