ლეგენდარული DMX გარდაიცვალა

90 და 00-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და კომერციულად წარმატებული ჰიპ ჰოპ არტისტი, ერლ სიმონსი, ცნობილი როგორც DMX, 50 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას DMX-ის ოჯახმა გაავრცელა.

“მწუხარებით გაცნობებთ, რომ ჩვენი საყვარელი DMX, ერლ სიმონსი, 50 წლის ასაკში ვაით ფლეინს ჰოსპიტალში გარდაიცვალა. ბოლო დღეების განმავლობაში ის მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. ერლი იყო მეომარი, რომელიც ბოლო წამამდე იბრძოდა. მას თავისი ოჯახი მთელი გულით უყვარდა – ჩვენ ვაფასებთ იმ წუთებს, რომლებიც მასთან გაგვიტარებია. ერლის მუსიკა მრავალი ადამიანის შთაგონების წყარო გახდა მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მისი საკულტო მემკვიდრეობა სამუდამოდ იცოცხლებს. მადლობა ყველას იმ სიყვარულისა და მხარდაჭერისთვის, რაც ამ უკიდურესად რთულ პერიოდში გვაჩუქეთ. გთხოვთ, პატივი ეცით ჩვენი ოჯახის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას, რადგანაც ჩვენ ვგლოვობთ ძმას, მამას, ბიძას და, უბრალოდ, ადამიანს, რომელსაც მსოფლიო იცნობდა, როგორც დიემექსს. მისი დაკრძალვის შესახებ დეტალებს ახლო მომავალში გავასაჯაროებთ”, – აღნიშნულია რეპერის ოჯახის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ლეგენდარული DMX, საავადმყოფოში 3 აპრილს გულის შეტევით მოათავსეს, რაც ნარკოტიკების ზედოზირებით იყო გამოწვეული. მალევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მუსიკოსი მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა და მისი ტვინი აღარ ფუნქციონირებდა.

DMX აღნიშნავდა, რომ მისი დამოკიდებულება ფსიქოაქტიურ ნივთიერებებზე, მაშინ დაიწყო, როცა 14 წლის იყო. ამის გამო სხვადასხვა დროს არტისტს კანონთან პრობლემებიც შეექმნა.

ბოლო პერიოდში გავრცელებული ინფორმაციით, DMX სიფხიზლის შენარჩუნებას და დამოკიდებულების დამარცებას ცდილობდა.

DMX-მა შემოქმედებითი კარიერა 1991 წელს დაიწყო.  მუსიკოსმა 8 სტუდიური ალბომის გამოცემა და ისეთ არტისტებთან თანამშრომლობა მოასწრო, როგორებიც არიან: Jay-Z, Nas, Method Man, Aaliyah, Busta Rhymes, Faith Evans, Ja Rule და Swizz Beatz. მონაწილება მიიღო რამდენიმე ფილმში, მათ შორის აღსანიშნავია მისი როლი Cradle 2 the Grave-ში, სადაც ის პარტნიორობას უწევს საბრძოლო ხელოვნების ოსტატ მსახიობებს, ჯეტ ლის და მარკ დაკასკოსს.

DMX გარდაცვალებამდე, რიგით მეცხრე ალბომზე მუშაობდა, სადაც U2-ს სოლისტს, ბონოსაც უნდა მიეღო მონაწილეობა. ამ ეტაპზე, უცნობია რა ბედი ეწევა მის გამოუქვეყნებელ ჩანაწერებს.