მფრინავმა მანქანამ LIBERTY ევროპის გზებზე გადაადგილების უფლება მიიღო

ნიდერლანდებში დაფუძნებული კომპანიის PAL-V მიერ შექმნილმა მფრინავმა მანქანამ სახელწოდებით Liberty რამდენიმეთვიანი ტესტირების წარმატებით გავლის შემდეგ ევროპის გზებზე ოფიციალური სანომრე ნიშნით გადაადგილების ნებართვა მიიღო.

Liberty-ის ორი მგზავრის გადაყვანა შეუძლია და სულ რაღაც 660 კილოგრამს იწონის. მის ავზში 100 ლიტრი ბენზინი ეტევა, რომლითაც სატრანსპორტო საშუალება ხმელეთზე მოძრაობის შემთხვევაში 1300 კილომეტრს გადის, ფრენის დროს კი 500 კილომეტრამდე მანძილს ფარავს. მის მძღოლებს ავტომობილის მართვის მოწმობასთან ერთად, პილოტის ლიცენზიაც მოეთხოვებათ.

საავტომობილო გზაზე გადაადგილებისას მანქანის მაქსიმალური სიჩქარე 170 კმ/სთ-ია, ჰაერში კი მას 180 კმ/სთ სიჩქარის განვითარება შეუძლია. ავტომობილი ასაფრენად 180-დან 330 მეტრამდე სიგრძის ბილიკს იყენებს, ხოლო ხმელეთზე დასაშვებად 30 მეტრი სიგრძის ტრასა სჭირდება. მფრინავი მანქანით ჰაერში 3,5 კილომეტრი სიმაღლემდე ასვლაა შესაძლებელი.

ნიდერლანდურმა კომპანიამ Liberty-ის პროექტზე მუშაობა ჯერ კიდევ 2012 წლიდან დაიწყო. საავტომობილო გზებზე მისი ხილვა მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში დაგეგმილი გამძლეობის ტესტირებისას იქნება შესაძლებელი. პროდუქტის მომხმარებლებისთვის მიწოდებამდე, მფრინავმა მანქანამ ნებართვა ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოსგანაც (EASA) უნდა მიიღოს, რასაც PAL-V-ის წარმომადგენლები 2022 წლისთვის იმედოვნებენ.