ამერიკულმა კომპანიამ General Motors ონლაინ ღონისძიებაზე მაღალი გამავლობის ელექტრომობილი წარადგინა. საწყის ეტაპზე მოდელის Edition 1 გამოშვება იგეგმება, რომლის წარმოებაც 2021 წლიდან დაიწყება. მსურველები მანქანის შეძენას 112,595 აშშ დოლარად შეძლებენ. რაც შეეხება სერიის ყველაზე ბიუჯეტურ მოდელს EV2, ის 2024 წლის გაზაფხულიდან იქნება ხელმისაწვდომი და 79,995 აშშ დოლარად გაიყიდება.

xHummer-ის მარკის პირველ ელექტრომობილს სამი ძრავა აქვს, რომელთა საერთო სიმძლავრე 1,000 ცხენის ძალას შეადგენს. მანქანა სამ წამში 96 კმ/სთ სიჩქარეს ავითარებს, ელემენტის ერთი დამუხტვით კი, რასაც 40 წუთზე ნაკლები დრო სჭირდება, 563 კილომეტრი მანძილის დაფარვა შეუძლია.

ელექტრომობილის საჭის მიღმა 12.3-დუიმიანი მონიტორია განთავსებული, რომელიც მართვის პანელის ფუნქციას ასრულებს. წინა დაფის ცენტრალურ ნაწილში კი 13.4-დუიმიანი დისპლეია განლაგებული, რომლითაც მანქანის სისტემების მუშაობის კონტროლი და სხვადასხვა აპლიკაციით სარგებლობაა შესაძლებელი.

მაღალი გამავლობის ავტომობილს მართვის სპეციალური ფუნქცია აქვს, რომლის გააქტიურების შემთხვევაშიც მანქანა დიაგონალურად გადაადგილდება, ექსტრემალურ მარშრუტზე მოძრაობის დროს კი Hummer-ის კორპუსს 15 სანტიმეტრ სიმაღლეზე აწევა და ლოდებზე ან წყალზე შეუფერხებლად გადავლა შეუძლია. ამის გარდა, მოდელი 18-კამერიანი ხედვის სისტემით არის აღჭურვილი, რომელიც მძღოლს სატრანსპორტო საშუალების გარშემო არსებული სივრცის დათვალიერებისა და უსაფრთხო მიმართულების არჩევაში ეხმარება.

General Motors-მა Hummer-ის წარმოება 2010 წელს შეწყვიტა, რისი მიზეზიც საწვავის გაძვირება და ამის შედეგად აღნიშნული მარკის მანქანებზე მოთხოვნის შემცირება გახდა. მისი ავტოინდუსტრიაში დაბრუნება კომპანიამ ელექტრომობილის ოთხი მოდელით გადაწყვიტა. EV Edition 1-სა და ბიუჯეტურ EV2-თან ერთად კიდევ ორი ვერსიის გამოშვებაა დაგეგმილი. Hummer EV3X მომხმარებლებისთვის 2022 წლის შემოდგომიდან 99,995 აშშ დოლარად იქნება ხელმისაწვდომი, Hummer EV2X კი ბაზარზე 2023 წლის გაზაფხულიდან გამოჩნდება და მის შეძენას მსურველები 89,995 აშშ დოლარად შეძლებენ.