ნახეთ Facebook-ის ახალი სერვისის ბეტა-ვერსია

Facebook-მა ახალი სერვისის, Hotline-ის ბეტა-ვერსია წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას ტექნოლოგიური სიახლეების პორტალი Techcrunch ავრცელებს.

ამ ნაბიჯით, კომპანია სოციალური ქსელების ახალ, განვითარებად ბაზარზე ადგილის დამკვიდრებას ცდილობს, სადაც მომხმარებლები აუდიტორიასთან “ცოცხალ” საუბრებს აუდიოფორმატში მართავენ.

ერთი შეხედვით, სერვისი Instagram Live-ისა და Clubhouse-ის ნაზავს წარმოადგენს. აპლიკაციის ინტერფეისი კი ძალიან ჰგავს Clubhouse-ს, Twitter Spaces და სხვა audio-only სოციალური ქსელების დიზაინს.

გავრცელებული ინფორმაციით, Clubhouse-ისგან განსხვავებით, Hotline უფრო პროფესიონალური ღონისძიებაა, რომელზეც ექსპერტი არის სეანსის წამყვანი და აუდიტორიას კითხვების დასასმელად ეპატიჟება.

“Hotline-ის საშუალებით, ჩვენ ვიმედოვნებთ, გავიგოთ, როგორ შეუძლია ინტერაქტიულ, ცოცხალ მულტიმედიურ კითხვებსა და პასუხებს, დაეხმაროს ადამიანებს, ისწავლონ ისეთი რამ კონკრეტული სფეროების ექსპერტებისგან, როგორიცაა პროფესიული უნარები და მათი გამოყენება ბიზნესის მშენებლობაში”, – აღნიშნა Facebook-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.