რა არის ახალი iPhone 15-ის სერიაში?

Apple-მა ყოველწლიურ ღონისძიებაზე ახალი თაობის iPhone-ები წარადგინა. iPhone 15 Pro და Pro Max წინა სერიის iPhone -ებისგან ძირითადად არავიზუალური მახასიათებლით განსხვავდება. მაგალითად ახალ სერიაში გაუმჯობესებულია კამერა, გვხვდება ახალი ჩიპი A17, ტიტანის კორუსი, ტრადიციული “საილენთ” გადამრთველის ნაცვლად მოქმედებათა ღილაკი , ტრადიციული პორტი კი USB-C შესაერთებელმა ჩაანაცვლა (ისიც ევროკავშირის დაჟინებული მოთხოვნით).

Pro და Pro Max მოდელებს აქვს მტკიცე და მსუბუქი მასალის – ტიტანის კორპუსი, რაც მათ გაცილებით მტკიცე და მსუბუქ სმარტფონებად აქცევს. თუმცა პირადად ჩვენთვის ტიტანის კორპუსის სიმტკიცეზე აქცენტი გაუგებარია, უკანა, ტიტანის ზედაპირის მინით დაფარვის გამო. თუ დაგივარდებათ, ისიც ისევე დაიმსხვრევა როგორც წინა თაობის მინის ზედაპირები, მაგრამ დამსხვრეული მინის მიღმა ტიტანის კორპუსი მტკიცე და უვნებელი დარჩება.

ევროკავშირის დაჟინებული მოთხოვნით ეფლის ახალი სმარტფონების სერიას ერთი რამ აერთიანებთ და ეს ახალი მაკავშირებელი პორტი – USB-C-ია. პრეზენტაციაზე კომპანიის წარმომადგენელმა ბევრი ისაუბრეს იმაზე, თუ რამენად უფრო სწრაფია “ახალი” პორტი, ვიდრე წინა აიფონების Lightning მაკავშირებელი. უკვე წლებია ანდროიდის მომხმარებლები USB 3-ის სისწრაფით სარგებლობენ, მაგრამ ცხადია ამას ხელი არ შეუშლია ეფლის პრეზენტაციისთვის, მონაცემთა გადაცემის საარაკო სისწრაფეზე ყელმოღერებით ესაუბრათ. ახალი პორტის მეშვეობით მონაცემები წამში 10 გიგაბიტი სიჩქარით გადაიცემა, რისი წყალობითაც, გარე მოწყობილობაზე (მაგალითად მაკბუქზე) 48-პიქსელიანი ფოტოებისა და ვიდეოს პირდაპირ გადაღებისა და ჩაწერის საშუალება გექნებათ, ანუ შეძლებთ თქვენი ტელეფონი გამოიყენოთ, როგორც პროფესიონალური მთავარი კამერა სტუდიაში.

15-ების სერიაში, ეფლის ტრადიციული ჩუმ რეჟიმზე გადამრთველი, შეიცვალა მრავალფუნქციური მოქმედებათა ღილაკით, რომლის ფუნქციების არჩევა თავად შეგიძლიათ, მათ შორის, შეგიძლიათ მას დაუტოვოთ ტრადიციული – დადუმების ფუნქცია.

ახალ აიფონებში A17 Pro ჩიპს შეხვდებით, რომელიც სმარტფონების ინდუსტრიაში პირველი 3-ნანომეტრიანი ჩიპია, რაც ცხადია მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია, სისწრაფისა და წარმადობის კუთხით.

Pro სერიას 6.1 ინჩის ზომის ეკრანი აქვს, ხოლო Pro Max ვერსიაში დისფლეის ზომა 6.7 ინჩია.

ცხადია, ყველაზე დიდი ინტერესის სფერო ახალი თაობის iPhone-ების კამერაა. მთავარი კამერის ფოკალური სიგრძეებია 24, 28 და 35 მმ, Pro Max-ის კამერაში კი, ტეტრაპრიზმულ ზუმ ლინზა გვხვდება 120 მილიმეტრიანი ფოკალური სიგრძით. სმარტფონის მთავარი კამერა 24 მეგაპიქსელით იღებს, მაგრამ შესაძლებელია 48-მეგაპიქსელიანი Pro Raw და HEIF ფოტოების გადაღებაც. ბევრი სიახლე შეგხვდებათ ფოტოების პროგრამული დამუშავების მხრივაც, რაც ნამდვილად საუკეთესო გამოსახულების საშუალებას იძლევა. კიდევ უფრო გაზრდილი მატრიცის ზომა ცუდი განათების პირობებში დეტალური და კარგი ფოტო/ვიდეო გადაღების საშუალებას გაძლევთ. გაუმჯობესებული სტაბილიზაციის მექანიზმი კი, წარმოუდგენლად სტაბილური ვიდეოკადრების გარანტიას იძლევა. ვიდეოსტაბილიზაცია აიფონის წინა სერიებშიც შესამჩნევად უკეთესია ვიდრე კონკურენტი კომპანიების სმარტფონებში.

15 Pro-ს Wi-Fi 6E-ს მხარდაჭერა აქვს, რაც 6 გიგაჰერც სიხშირეზე მუშაობს, რისი წყალობითაც უფრო სწრაფ უსადენო კავშირს მიიღებთ. მასში ჩაშენებულია საკომუნიკაციო ტექნოლოგია Thread, მეორე თაობის ახალი UWB ჩიპი კი ადგილმდებარეობის მაკონტროლებელი ფუნქციის Find My საძიებო სისტემის სიზუსტეს უზრუნველყოფს.

მნიშვნელოვანია სატელიტური კავშირიც, რომელსაც ახლა უკვე საგზაო დახმარებაც დაემატა. AAA პროვაიდერის მეშვეობით კი, აღნიშნული ფუნქცია პირველი ორი წელი უფასო იქნება.

ოფიციალურად, iPhone 15-ის საწყისი ფასი $799 იქნება; iPhone 15 Plus – $899, iPhone 15 Pro – $999, ხოლო iPhone 15 Pro Max – $1 199 ეღირება.