სამეგრელოში უძველესი არქიტექტურული ნაგებობის ნაშთები იპოვეს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაცხვში არქეოლოგები მუშაობენ. გათხრების წარმოება განპირობებულია ადგილობრივი მოსახლეობის მიერ მიწის სამუშაოების დროს, სხვადასხვა პერიოდის არტეფაქტების შემთხვევითი აღმოჩენებით.

სპეციალისტების მიერ ამ მიდამოებში გამოვლენილია გვიან ბრინჯაო – ადრე რკინის ხანის არქეოლოგიური ობიექტი, რომელიც სპეციალურ სამეცნიერო ლიტერატურაში ,,ცაიშის სამაროვნის“ სახელით არის ცნობილი. კვლევის ფარგლებში, საინტერესო არტეფაქტებთან ერთად გამოვლინდა მასშტაბური არქიტექტურული ნაგებობების ნაშთები, რომლებიც ასევე სხვადასხვა ისტორიულ პერიოდებს განეკუთვნებიან – ადრექრისტიანული ხანიდან დაწყებული მეცხრამეტე საუკუნის ჩათვლით.

მიმდინარე არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილი არტეფაქტებიც ადრე ქრისტიანული ხანიდან მეცხრამეტე საუკუნის ჩათვლით პერიოდით თარიღდება.

გათხრებში აქტიურად არიან ჩართული შოთა მესხიას ზუგდიდის სასწავლო უნივერსიტეტის ისტორიის სპეციალობის სტუდენტებიც. არქეოლოგიური კვლევა-ძიება ზუგდიდის მერიის მხარდაჭერით მიმდინარეობს.