100 მილიონი USD მას, ვინც CO2-ის გასანეიტრალებელ ტექნოლოგიას შექმნის – ილონ მასკი

ილონ მასკმა ნახშირორჟანგის შეგროვების საუკეთესო ტექნოლოგიის შემუშავებისთვის 100 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ჯილდო დააწესა. ამის შესახებ SpaceX-ის და Tesla-ს დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა twitter-ზე დაწერა.

პლანეტის უმდიდრესი ადამიანის სათავეში მოხვედრილი თანამედროვე იდეების დიდი თაყვანისმცემლის (ასევე განმხორციელებლის) თქმით, დამატებითი დეტალების შესახებ ინფორმაცია მომდევნო კვირაში გახდება ცნობილი.

კლიმატის ცვილლების თემაზე მომუშავე მეცნიერები გლობალური დათბობის ერთ-ერთ უმთავრეს მიზეზად ატმოსფეროში ნახშირორჟანგის კონცენტრაციის მკვეთრ ზრდას ასახელებენ. დღემდე ძალზე მცირე პროგრესი შეინიშნება იმ ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებით, რომელიც CO2-ის გამოყოფის შემცირებაზეა ორიენტირებული.

CO2-ის შეგროვებისა და გადამუშავების ტექნოლოგიის განვითარებაზე დღესდღეობით მსოფლიოში არაერთი კომპანია თუ დაწესებულება მუშაობს. მაგალითად, შვეიცარიაში მდებარე ლოზანის ფედერალური პოლიტექნიკური სკოლის (EFPL) მეცნიერებმა შექმნეს სისტემა, რომელიც ავტომობილის გამონაბოლქვის 90 პროცენტს სითხედ გარდაქმნის. დიდ ბრიტანეთში მდებარე ოქსფორდის უნივერსიტეტში მომუშავე სპეციალისტებმა კი ნახშირწყალბადის აღდგენის შედეგად ნახშირორჟანგი საავიაციო საწვავად აქციეს.