APPLE-მა ახალი ოპერაციული სისტემა წარადგინა

Apple-მა ტექნოლოგიურ დეველოპერთა ყოველწლიურ მსოფლიო კონფერენციაზე მომხმარებლებს ახალი ოპერაციული სისტემა წარუდგინა. სისტემური განახლებები შეეხო Apple-ის სხვადასხვა მოწყობილობებს, მათ შორისაა iOS 15iPadOS 15watch OS 8 და macOS Monterey. ამ განახლებების ბეტა ვერსია მომხმარებელთათვის 2021 წლის ივლისში გახდება ხელმისაწვდომი, შემოდგომაზე კი განახლებები სრულად გავრცელდება.

მოკლედ პროგრამული სიახლეების შესახებ:

 iOS 15 რამდენიმე მნიშვნელოვან სისტემურ ცვლილებას აერთიანებს. FaceTime-ში დარეკვისას მომხმარებლები “სივრცული აუდიოს” ფუნქციით ისარგებლებენ, რისი დახმარებითაც სმარტფონში შემომავალი ხმა ისე გაჟღერდება, თითქოს თანამოსაუბრე ჩვენთან ფიზიკურად ახლოს იმყოფება. განახლებებით შესაძლებელი გახდება ფონური ხმაურის ჩახშობა და უკანა ხედის გაბუნდოვნება, მეგობრებისთვის სპეციალური ბმულების გაზიარება, რომლის დახმარებითაც ისინი საუბარში ჩაერთვებიან და თქვენ შეძლებთ მუსიკის ერთად მოსმენას, ვიდეოს ყურებას და აპლიკაციების გაკონტროლებას. iPhone-ის ეკრანისთვის რამდენიმე განახლებულ რეჟიმს ვიხილავთ, რომლებსაც მუშაობის ან დასვენების დროს გაააქტიურებთ. პირველ შემთხვევაში, სმარტფონში მხოლოდ სამსახურისთვის საჭირო აპლიკაციები გამოჩნდება, მეორე ვარიანტის არჩევისას კი პირიქით, ის აპლიკაციები, რომელსაც მოცალეობის ჟამს შეექცევით ხოლმე.

განახლებული ფუნქცია იძლევა საშუალებას ნაკლებად პრიორიტეტული შეტყობინებები დაჯგუფდეს და წინასწარ მითითებულ დროს ისინი ერთდროულად მივიღოთ. კამერას შეეძლება გაარჩიოს გამოსახულებაზე არსებული ტექსტები, შესაბამისად, შეძლებთ ისინი მონიშნოთ და დააკოპიროთ. ის ასოების მიღმა გამოსახულ ობიექტებსაც კარგად არჩევს, მაგალითად, ფოტოზე აღბეჭდილი ძაღლის ჯიშს, გეოგრაფიულ თუ სხვა სახის მინიშნებებს და ა.შ. Apple Wallet-ის აპლიკაციას დაემატება სახლის, ოფისისა და სასტუმროს ციფრული გასაღების ფუნქცია. ასევე, პირადობისა თუ მართვის მოწმობის დაშიფრული ასლები, რომლებითაც სტანდარტულ შემოწმებას ჩვეულებრივ გაივლით. გაუმჯობესდება Apple Maps-იც.

Apple-ის პლანშეტები iPadOS 15-ის წყალობით ახალ ფუნქციებს შეიძენენ. მათ შორისაა iPad-ის დესკტოპზე თავმოყრილი შედარებით დიდი ზომის ვიჯეტები, მთავარ ეკრანზე კატეგორიების მიხედვით დაჯგუფებული აპლიკაციების ჩამონათვალი App Library და მენიუ Split View, რომლის მეშვეობითაც რამდენიმე ფანჯარას ერთდროულად გავხსნით და გამოვიყენებთ. აპლიკაციაში Notes გაკეთებულ საზიარო ჩანაწერებში სიმბოლოთი @ მალე მეგობრებს მოვნიშნავთ და იქ შეტანილ ცვლილებებს მათთვის საჯაროს გავხდით. Quick Notes-ის დახმარებით კი თითის მარტივი მოძრაობით ახალ დოკუმენტს შევქმნით. სრულად გავრცელდება თარგმნის ფუნქცია, რომელიც საუბრისას წინადადებებს თქვენთვის სასურველ ენაზე პირდაპირ რეჟიმში გადაიყვანს.

macOS Monterey მომხმარებელს ასევე სთავაზობს მეგობრებთან ერთად სინქრონულად მუსიკის მოსმენასა და ვიდეოების ყურებას. Universal Control-ის საშუალებით სხვადასხვა თავსებად მოწყობილობას ერთი კლავიატურით ან მაუსით გავაკონტროლებთ, რისთვისაც მხოლოდ მათი ახლოს დადებაა საჭირო. Macbook-ებს ემატება აპლიკაცია Shortcuts და უსადენო სტრიმინგის ტექნოლოგია AirPlay, რომლითაც კონტენტს ეკრანზე მარტივად გადავიტანთ. საფირმო ბრაუზერი Safari გაუმჯობესებული ინტერფეისითაა წარმოდგენილი, ფანჯრების ზომა შემცირდება და შეგვეძლება მათი დაჯგუფებაც.

Apple-ის საათის აპლიკაცია, რომელიც ჯანმრთელობის კონტროლში გვეხმარება – Health watchOS 8-ის დახმარებით გააკონტროლებს, წუთში რამდენჯერ ჩავისუნთქავთ. ის ინფორმაციას მოგვაწვდის, როგორ იცვლება ეს რაოდენობა დღე-ღამის განმავლობაში, მაგალითად, ძილის დროს. Fitness აპლიკაციაში ახალი ვარჯიშები გამოჩნდა – პილატესი და ტაიჩი.

უნდა აღინიშნოს, რომ განახლება შეეხება ბლუთუზზე მომუშავე ყურსასმენებსაც AirPods, რომელიც ხმაურიან გარემოში ადამიანებთან პირდაპირი საუბრისას, მათ ხმას გააძლიერებენ, რათა ნათქვამი უკეთ გავიგოთ. აპლიკაცია Find My app იმ შემთხვევაშიც იმუშავებს, თუ ყურსასმენები სათავსოში იდება. მათი დაკარგვის შემთხვევაში მომენტალურად შეგვატყობინებს ამას.