დაიკლეთ წონა დიეტის გარეშე – FDA-მ WEGOVY დაამტკიცა

აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ხარისხის კონტროლის სააგენტომ (FDA) დანიური ფარმაცევტული კომპანია Novo Nordisk-ის მიერ შექმნილი პრეპარატი Wegovy წონის დასაკლებად დასაშვებად ცნო.

ბოლო წლების განმავლობაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც FDA-მ ჭარბი წონის წინააღმდეგ ბრძოლის მედიკამენტური მკურნალობის მეთოდს მწვანე შუქი აუნთო.

იგივე კომპანიის იგივე შემადგენლობის პრეპარატი, მხოლოდ სხვა სახელწოდებით – Semaglutide, ჯერ კიდევ 2012 წელს შექმნეს და უკვე რამდენიმე წელია აშშ-ში, კანადაში, იაპონიაში, ავსტრალიასა და ევროკავშირის ქვეყნებში დიაბეტის სამკურნალოდ გამოიყენება.

2021 წლის წლის დასაწყისში, დანიურმა კომპანიამ კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომელიც აჩვენებს, რომ ამ მედიკამენტის შედარებით დიდი დოზით მიღება, ჭარბი წონის წინააღმდეგ ბრძოლისთვისაც არის შესაძლებელი, რადგან ის მადის შემცირებას იწვევს.

ცდას 68 კვირის განმავლობაში ატარებდნენ 4,500 ზრდასრულ ადამიანზე, რომლებიც ჭარბ წონას უჩიოდნენ. კვლევაში მონაწილე 2 000-მდე ცდისპირს აღნიშნული დროში ერთი კვირიანი ინტერველით პრეპარატი Wegovy შეუყვანეს, რომელიც კუჭქვეშა ჯირკვლის, გლუკაგონის მსგავს ჰორმონს GLP-1 შეიცავს, დანარჩენ პირებს კი მიაწოდეს პლაცებო.

კვლევამ აჩვენა, რომ Novo Nordisk-ის შექმნილი მედიკამენტის ხანგრძლივად მიღებით ცდისპირებმა წონაში საშუალოდ დაახლოებით 15%-ით დაიკლეს. ამასთან, კვლევაში მონაწილეთა თითქმის მესამედში წონის კლების მაჩვენებელმა 20%-საც კი გადააჭარბა. იმ პირებმა კი, რომლებმაც პრეპარატის ნაცვლად პლაცებო მიიღეს, მათ წონაში საშუალოდ მხოლოდ 2,4%-ით დაიკლეს. რაც შეეხება უსაფრთხოებას, Wegovy-ს ინიექციის გამოყენებამ, ცალკეულ შემთხვევებში მსუბუქი გვერდითი მოვლენები, მათ შორის, ღებინება, დიარეა, ყაზბობა და მუცლის ტკივილი გამოიწვია.

FDA-ის გადაწყვეტილებით, Wegovy-ს ინექციის გამოყენებას მხოლოდ ზრდასრული პირები შეძლებენ, რომლებსაც წონის ქრონიკული დარღვევა და ამით გამოწვეული მაღალი არტერიული წნევა, დიაბეტი ტიპი 2 ან სისხლში ქოლესტერინის მაღალი დონე აწუხებთ.

ახალი პრეპარატის ღირებულება, რომელზეც მოთხოვნა სავარაუდოდ დიდი იქნება, ჯერჯერობით არ სახელდება, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, მედიკამენტის ერთი თვის დოზის ფასი დაახლოებით 1,300$ იქნება.