Facebook-ის გათიშვამ ცუკერბერგი 7 მილიარდამდე დოლარით აზარალა

Facebook-ის არსებობის ისტორიაში, ყველაზე ხანგრძლივმა შეფერხებამ სოციალური ქსელის დამფუძნებელი მნიშვნელოვნად აზარალა.

Forbes-ის ინფორმაციით, მარკ ცუკერბერგის ქონება 6,9 მილიარდი დოლარით შემცირდა, თუმცა მისი ქონების ციფრი ამ დროისთვის კვლავ შთამბეჭდავად გამოიყურება და ის115,8 მილიარდი დოლარის მფლობელია.

შესაძლოა ახლა პლანეტის მოსახლეობის დიდი ნაწილი, საკუთარ მეგობრებსა და ოჯახის წევრებთან ურთიერთობებს ალაგებს, რადგან მთელ მსოფლიოში უკვე რამდენიმე საათია მიუწვდომელია Facebook, Messenger, WhatsApp და Instagram სერვისები.

მასშტაბურ შეფერხებასთან დაკავშირებით მარკის სოცგიგანტმა განცხადება გაავრცელა.

ეს ფაქტი ამ ეტაპამდე დაფიქსირებული ყველაზე გლობალური შეფერხების გარდა, საინტერესოა იმითაც, რომ საკუთარ მომხმარებლებს Facebook გულმხურვალე ბოდიშს კონკურენტ სოციალურ ქსელ Twitter-ზე უხდის.

შეფერხების მიზეზებზე არაფერი უთქვამთ, თუმცა Facebook-ის წარმომადგენლები ამბობენ, რომ პრობლემის აღმოფხვრისათვის ყველაფერი კეთდება.

“ვიცით, რომ შეფერხებაა პროდუქტებზე წვდომასთან დაკავშირებით. ვმუშაობთ, რომ რაც შეიძლება სწრაფად დავუბრუნდეთ ნორმალურ მდგომარეობას და ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის”, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.