გაიცანით ექთანი გრეისი – რობოტი სოფიას შემქმნელებისგან

ჰონგ კონგურმა კომპანიამ Hanson Robotics, რომელიც ამ დროისთვის მსოფლიოში ყველაზე ცნობილი რობოტის, სოფიას შემქმნელია, ახალი ჰუმანოიდი რობოტი, გრეისი წარადგინა. 

Reuters-ის ინფორმაციით, ჯანდაცვის სექტორში სამუშაოდ შექმნილი ახალი რობოტი, ხანდაზმულებსა და კორონავირუსის გამო იზოლაციაში მყოფ ადამიანებზე იზრუნებს.

რობოტ ექთან გრეისს მკერდთან თერმული კამერა აქვს ჩამონტაჟებული, რომლითაც ადამიანის ტემპერატურას ზომავს და მათ მგრძნობელობას ამოწმებს, დიაგნოზის დასასმელად კი ხელოვნურ ინტელექტს იყენებს.

რაც შეეხება კომუნიკაციის უნარებს, ამ ეტაპზე გრეისი ინგლისურსა და ჩინური ენის დიალექტებს ფლობს. მას ადამიანური ჟესტების გამოხატვა და სახის გამომეტყველების შეცვლა შეუძლია, რისთვისაც ის 50-მდე კუნთს იყენებს.

Hanson Robotics-ის განცხადებით, გრეისი მასობრივ წარმოებაში მიმდინარე წლის აგვისტოდან ჩაეშვება.