შესაძლოა Mcdonalds-ში თქვენი შეკვეთა ხელოვნურმა ინტელექმა მიიღოს

სწრაფი კვების რესტორნების გიგანტური ქსელი “მაკდონალდსი” ჩიკაგოში მდებარე თავის რამდენიმე ფილიალში ხმის ამომცნობ ავტომატურ სისტემას ნერგავს, რომელიც მანქანაში მყოფი მომხმარებლების შეკვეთებს ე.წ. “დრაივზე” იღებს. ზემოხსენებულ ტექნოლოგიას აშშ-ის ილინოისის შტატის ყველაზე ხალხმრავალ ქალაქში განლაგებულ ათ რესტორანში ცდიან.

აღნიშნულ ფილიალებში დამონტაჟებული, ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი სისტემა შეკვეთების დაახლოებით 80%-ს იღებს, პროგრამის სიზუსტე 85%-ს შეადგენს. “მაკდონალდსის” წარმომადგენელთა თქმით, ეს ინოვაციური ნაბიჯი თავსატეხი აღმოჩნდა საცდელ ობიექტებში მომუშავე პერსონალისთვის, რადგან ხშირ შემთხვევაში ისინი ხმოვანი შეკვეთის მიმღებ პროგრამას დავალების შესრულებას არ აცდიდნენ და კლიენტთა კითხვებს თავად პასუხობენ.

ახალი სისტემის დანერგვა არა თუ მსოფლიო მასშტაბით, აშშ-შიც კი გაჭირდება, რადგან შტატებში “მაკდონალდსის” ქსელი 14 000 რესტორანს აერთიანებს. თუ შეკვეთების მიღების ინოვაციურმა მეთოდმა გაამართლა, მის მასიური გავრცელება რამდენიმე წლით დააგვიანებს.

კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა კონფერენციაზე განაცხადა, რომ სიახლის მიზანი მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება და თანამშრომლებზე არსებული დატვირთვის შემცირებაა. მისივე თქმით, “მაკდონალდსმა” შესაძლოა მომავალში პროდუქტის მოსამზადებლად ავტომატური მოწყობილობებიც შეიძინოს, თუმცა ეს დიდ თანხებთან არის დაკავშირებული.

რთული წარმოსადგენია, ამ გიგანტურ ქსელში დასაქმებული ადამიანების რამდენი პროცენტი დარჩება უმუშევარი, თუ რესტორანში თქვენს შეკვეთას ხელოვნური ინტელექტი მიიღებს, ხოლო პროდუქტს ავტომატიზირებული სისტემა დაგიმზადებთ.