iPhone 12 და MagSafe კარდიოსტიმულატორის მატარებელთათვის შესაძლოა სასიკვდილო აღმოჩნდეს

Henry Ford Heart and Vascular Institute-ის თანამშრომლები აღნიშნავდნენ, რომ იპოვეს მტკიცებულება iPhone 12-ის დამაბრკოლებელი მოქმედების შესახებ ისეთ სამედიცინო მოწყობილობაზე, როგორიცაა იმპლანტირებადი კარდიოვერტერი დეფიბრილატორი (ICD).

მკვლევრებმა აღნიშნეს, რომ დამუხტვის თავისებურებებიდან გამომდინარე, iPhone 12-ს, უკანა მხარეს აქვს მაგნიტი, რათა MagSafe-თან, ანუ დამმუხტველთან კავშირის დამყარება შეძლოს. ხოლო როცა MagSafe-ის რომელიმე აქსესუარი პაციენტის გულთან ახლოს აღმოჩნდება, სამედიცინო მოწყობილობა, რომელიც გულის მუშაობას უზრუნველყოფს, ჩერდება.

Apple-მა დამატებითი ინსტრუქცია გამოუშვა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც მსგავს სამედიცინო მოწყობილობებს ატარებენ. ინსტრუქციის მთავარი მესიჯი კი მოკლედ ასე ჟღერს: iPhone 12 და MagSafe-ის აქსესუარები უსაფრთხო დისტანციაზე დაიჭირეთ თქვენი სამედიცინო მოწყობილობებისგან.

“ისეთი სამედიცინო მოწყობილობები, როგორიცაა იმპლანტირებული კარდიოსტიმულატორები თუ დეფიბრილატორები, შესაძლოა შეიცავდეს სენსორებს, რომლებიც მაგნიტურ ველსა და რადიოსიგნალებზე, ახლო კონტაქტის დროს რეაგირებს. იმისათვის, რომ რაიმე პოტენციური ინტერაქცია თავიდან ავირიდოთ, iPhone და MagSafe-ის აქსესუარები, თქვენი სამედიცინო მოწყობილობებისგან უსაფრთხო დისტანციით გამოიყენეთ (15 სანტიმეტრზე მეტის მოშორებით, ხოლო დამუხტვისას 30 სანტიმეტრით შორს). თუმცა, დამატებითი, რჩევებისთვის მიმართეთ ექიმს, ან თქვენი სამედიცინო მოწყობილობის მწარმოებელ კომპანიას”, – აღნიშნულია ეფლის განცხადებაში.

Apple განმარტავს, რომ iPhone 12 გამოყოფს შედარებით ძლიერ ელექტრომაგნიტურ ველს, რითაც არსებობს შანსი, რომ სხვადასხვა სამედიცინო მოწყობილობის მწყობრიდან გამოსვლა გამოიწვიოს. მაგალითად, კარდიოსტიმულატორს (Peacemaker), მსოფლიოს მასშტაბით, 1 მილიონზე მეტი ადამიანი მოიხმარს (2016 წლის მონაცემი). ეს სასიცოცხლო მნიშვნელობის მოწყობილობა ახერხებს უზრუნველყოს პაციენტის გულისცემა, მაშინ, როცა ის ბიოლოგიური ფაქტორების (მაგ. სინუსური კვანძის სინდრომი) შედეგადაა დარღვეული. ელექტრომაგნიტური ველი კი ამ ელექტრომოწყობილობაზე, რომელიც გულის მუშაობას ხელოვნური ელექტროიმპულსებით უზრუნველყოფს, ნეგატიურად მოქმედებს და მის მუშაობას აფერხებს. (არღვევს პაციენტის გულისცემის უწყვეტობას, შესაბამისად კი, სიცოცხლეს უქმნის საფრთხეს). იგივე პრინციპით უშლიან ხელს მსგავს ელექტრომოწყობილობებს MagSafe Charger და MagSafe Duo Charger.