LG სმარტფონების ბაზარს მალე დატოვებს

2021 წლის დასაწყისში გავრცელებული ინფორმაცია რომ ერთ-ერთი კორეული ტექნოლოგიური გიგანტი სმარტფონების ბაზარს დატოვებდა, დადასტურდა. სამხრეთკორეული ტექნოლოგიური კორპორაცია LG სმარტფონების ბაზარს მიმდინარე წლის 31 ივლისიდან დატოვებს. ამ ინფორმაციას კომპანია ოფიციალურ ვებგვერდზე ავრცელებს. მიზეზი ისაა, რომ LG მობილური ტელეფონების სხვა მწარმოებლებს სათანადო კონკურენციას ვეღარ უწევს, რის გამოც ბოლო წლების განმავლობაში რამდენიმე მილიარდი აშშ დოლარით იზარალა.

გავრცელებული ინფორმაციით, კომპანია ამიერიდან მთლიანად ელექტრომობილების ნაწილების, სახლის ჭკვიანი მოწყობილობების, რობოტექნიკისა და ხელოვნური ინტელექტის წარმოებაზე გადაერთვება. LG-ის წარმომადგენლების განცხადებით, სმარტფონების ბაზრის დატოვების მიუხედავად, უკვე გამოშვებული მოდელები, შესაძლოა, ტექნიკის მაღაზიებში მაინც გაიყიდოს. მათივე თქმით, კომპანია გარკვეული დროის განმავლობაში საკუთარი მომხმარებლების მობილური ტელეფონების პროგრამულ განახლებასაც უზრუნველყოფს.