M3GAN-ისა და Get Out-ის შემქმნელი Blumhouse თამაშების წარმოებას იწყებს

საშინელებათა ფილმების მწარმოებელი საპროდიუსერო კომპანია Blumhouse ძალებს ვიდეოთამაშების სფეროში მოსინჯავს.

კომპანია, რომელიც ბოლო დროის ისეთი გახმაურებული ჰორორ ფილმების უკან დგას, როგორებიცაა: M3GAN, Get Out, The Purge და Insidious, ახლა ქმნის განყოფილებას, რომელიც ჰორორ ჟანრის თამაშებს შექმნის. თამაშები შეიქმნება, როგორც სათამაშო კონსოლებისთვის, ასევე პერსონალური კომპიუტერებისა და მობილური მოწყობილობებისათვის.

ჩვენ ვამზადებთ საშინელებათა ჟანრის ფილმებს, ვქმნით ტელეპროდუქციას და ამ დროს, არსებობს ვიდეოთამაშების მზარდი სამყარო. გეიმინგ სეგმენტი ნიშნავს მილიარდობით დოლარის მქონე სივრცეს და რატომაც არა, ჩვენ ვცდით, ამ სივრციდან ავითვისოთ ჩვენი წილი,” – განუცხადა Blumhouse-ის პრეზიდენტმა აბჰიჯეი პრაკაშმა (Abhijay Prakash) Bloomberg-ს.

საკუთარი ფილმების ადაპტირება თამაშებად Blumhouse-მა ერთხელ უკვე სცადა. ამჯერად მათი სტრატეგია განსხვავებულია – Blumhouse Games როგორც ფინანსურად, ასევე შემოქმედებითად მხარს დაუჭერს 10 მილიონ დოლარამდე ბიუჯეტის ვიდეოთამაშების პროექტებს, რომლებიც ცალკეულ სტუდიებს უკვე დაგეგმილი აქვთ, ან შექმნის პროცესში არიან. ცხადია მხარდაჭერა და თამაშების გამოშვება მოხდება იმ პირობით, რომ დამზადებულ თამაშზე, შემქმნელთა და გამომცემელთა ტიტრებში Blumhouse მსხვილი ფონტით და რიგში პირველი იქნება მითითებული.