MADONNA – 40 წლიან კარიერას მსოფლიო ტურნეთი აღნიშნავს

64 წლის მადონამ განაცხადა, რომ საკუთარი კარიერის 40+ წლიანი იუბილეს აღსანიშნავად თავის მეთორმეტე მსოფლიო ტურნეს იწყებს.

პოპის დედოფლის ახალი ტურნე – The Celebration Tour – 14 ივლისს, კანადიდან დაიწყება, ვანკუვერსა და ტორონტოს, აშშ-ის დიდი ქალაქებიც მოჰყვება, რასაც ევროპის 11 ქალაქის არენაც დაემატება.

მადონას მიერ გამოქვეყნებული პროვოკაციული ვიდეოანონსით ირკვევა, რომ Celebration ტურნეს საკონცერტო პროგრამა, სუპერვარსკვლავის ოთხ დეკადიანი კარიერის განმავლობაში დაგროვილი ჰიტებისგან იქნება შემდგარი.

ფაქტია, რომ ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი ქალი შემსრულებელი, არ აპირებს ყველაზე გაყიდვადი ტურნეს მქონე სოლო მომღერლის პოზიციები დათმოს და 65 წლის იუბილეს The Celebration Tour-ში შეხვდება.

მიუხედავად იმისა, რომ ტურნეს დაწყებამდე რამდენიმე თვე დარჩა, ლონდონში, ბერლინში, პარიზში, ამსტერდამში, ანტვერპენში, ლისაბონში, სტოკჰოლმსა და მილანში ბილეთების დიდი ნაწილი უკვე გაყიდულია.

ტურნეს დაანონსებიდან რამდენიმე დღეში, აშშ-სა და კანადაში, პოპის დედოფლის კონცერტზე დასასწრები ბილეთები იმდენად სწრაფად გაიყიდა, რომ 12 ქალაქში განმეორებითი შოუს დამატება მოუხდა.