მალე პლასტმასის ნარჩენების მირთმევას შევძლებთ

აშშ-ში, ილინოისის უნივერსიტეტისა და მიჩიგანის ტექნოლოგიური უნივერსიტეტების მეცნიერებმა, ტინ ლუმ და სტივენ ტექმენმა პლასტმასის ნარჩენების საკვებად გადაქცევის ახალი მეთოდი შეიმუშავეს.

ინოვაციურმა იდეამ გერმანული კომპანიის Merck მიერ დაწესებული ფულადი პრიზი – 1 მილიონ ევრო დაიმსახურა.

პლასტმასის ნარჩენები ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ეკოლოგიურ პრობლემას წარმოადგენს, რადგან მათ დაშლას ასეულობით წელი სჭირდება. ცნობილია, რომ მხოლოდ 2019 წელს მსგავსი მასალისგან დამზადებული გლობალურად წარმოებული ჭიქების, ბოთლების, პაკეტებისა და სხვა ერთჯერადი ნივთების წონამ 360 მილიონ მეტრულ ტონას გადააჭარბა. საგულისხმოა, რომ პლასტიკური მასის დიდი ნაწილი ოკეანეებში გროვდება, რაც წყლის ბინადრებს საფრთხეს უქმნის.

მეცნიერები მათ მიერ შექმნილ ტექნოლოგიას საჭმლის გენერატორს უწოდებენ. ის გენმოდიფიცირებულ მიკროორგანიზმებზეა დამყარებული, რომლებიც პლასტმასის ნარჩენებს გადაამუშავებენ და ამ პროცესში მათ საკვებად ვარგის ცილად აქცევენ. ტინ ლუსა და სტივენ ტექმენის განცხადებით, გადამუშავებით მიღებული ორგანული ნივთიერება მომწამვლელი არაა და სრულიად უსაფრთხოა. პირიქით, ის ადამიანის სხეულს საკმარისი რაოდენობის ენერგიას აწვდის და ჩვენს ჯანმრთელობაზე დადებითი გავლენაც აქვს.

მეცნიერების მოსაზრებით, გენმოდიფიცირებული მიკრობების გამოყენება სხვა მიზნებისთვისაცაა შესაძლებელი, რადგან მსგავსი ორგანიზმები მრავალ ქიმიურ რეაქციას უწყობენ ხელს და საწვავის წარმოქმნის პოტენციალიც აქვთ.